ახალი რუსული კანონი

გახარიას პარტია აპირებს, ოცნების "ოჯახურ ღირებულებათა" კანონპროექტის განხილვაში ჩაერთოს

ბექა ლილუაშვილი
ზურა ცერცვაძე/ტაბულა

ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის აპირებს, რომ ჩაერთოს ქართული ოცნების მიერ წამოწყებულ საკონსტიტუციო განხილვაში, რომელიც "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვას" შეეხება. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, ბექა ლილუაშვილმა ისაუბრა.

ლილუაშვილის თქმით, მათი პარტია ქართულ ოცნებას არ მისცემს საშუალებას, რომ ბავშვები საკუთარი პროპაგანდისთვის გამოიყენონ.

"საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში ჩავერთვებით, რათა პროპაგანდა არ გახდეს "ოცნების" პოლიტიკური იარაღი. არავის მივცემთ საშუალებას, რომ ბავშვები პროპაგანდის ინსტრუმენტად გამოიყენონ." – აქვეყნებს პარტია საქართველოსთვის ლილუაშვილის სიტყვებს.

ლილუაშვილის თქმით, "საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების ჩანაფიქრიც მიმართულია ამ საკითხის კიდევ უფრო მეტ პროპაგანდაზე".

"ჩვენ ჩავერთვებით ამ პროცესში. ჩავერთვებით იმიტომ, რომ პროპაგანდა არ გახდეს ამ საკითხის ყველაზე დიდი პროპაგანდისტის - „ოცნების” (ეს ბოლო პერიოდში ძალიან კარგად ჩანს) პოლიტიკური იარაღი. საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების ჩანაფიქრიც მიმართულია ამ საკითხის კიდევ უფრო მეტ პროპაგანდაზე.

უბრალოდ, რომ “დაგუგლოთ” “ლგბტ პროპაგანდა”, სიის დასაწყისში შეგხვდებათ მამუკა მდინარაძე, როგორც ამ საკითხის მთავარი პროპაგანდისტი. ამიტომ, ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას პროცესში ჩართვის გზითაც, რომ ბავშვები გამოიყენოს პოლიტიკური პროპაგანდის ინსტრუმენტად." – გამოეხმაურა ბექა ლილუაშვილი ქართული ოცნების ინიციატივას.

ქართული ოცნება საკონსტიტუციო ცვლილებებს დააინიცირებს, რომელიც "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვას" შეეხება. ამის შესახებ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ 25 მარტს ისაუბრა.

აქამდე 29 თებერვალს, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ მმართველი გუნდი შეიმუშავებს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც "საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს".

წაიკითხეთ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა განხილვასაც ქართული ოცნება აპირებს – "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა" – ოცნება საკონსტიტუციო ცვლილებას აინიცირებს.

კომენტარები