პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, სავარაუდოდ, მაისის ბოლოს გამოვლინდება კომპანია, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობასთან ჩაუდგება სამუშაოებს. პრემიერი ამბობს, რომ კონკრეტულ სამუშაოები ივნისიდან დაიწყება.
"უკვე ივნისიდან ჩვენ ვგეგმავთ, რომ დავიწყოთ ინფრასტრუქტურული სამუშაოები. როგორც მოგეხსენებათ, თვითონ მთავრობაც ახორციელებს ინვესტიციებს ამ სფეროში, ანაკლიის პორტის განვითარების კუთხით. შესაბამისად, არამხოლოდ პროცედურებს დავასრულებთ, არამედ, ივნისიდან ვგეგმავთ კონკრეტული სამუშაოების დაწყებას ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით.
პროცედურები დაიწყება მარტში. მარტი, აპრილი, მაისი დასჭირდება ტენდერის დასრულებას. მაისის ბოლოსთვის დასრულებული იქნება ტენდერის პროცედურა. ივნისიდან შეგვეძლება სამუშაოების დაწყება, ეს არის მკაფიო გეგმა, რომელიც აქვს მთავრობას და ამ გეგმას, რა თქმა უნდა, გავყვებით" - თქვა კობახიძემ.
2022 წლის 12 დეკემბერს მაშინდელმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ანაკლიის პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით ინვესტორ კომპანიებთან ერთად აშენდება, თუმცა პორტის 51%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფო იქნება. უკვე 2023 წლის ბოლოს ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2024 წლის გაზაფხულზე დაიწყებოდა. მისივე თქმით, გამარჯვებული ინვესტორი მაქსიმუმ მიმდინარე წლის დეკემბერ–იანვარში გამოცხადდებოდა.
"ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის გათვალისწინებული იქნება ჯამურად 70 მილიონი ლარი, 50 მლნ ლარი იქნება 2024 წელს ჩადებული და 20 მილიონი უკვე წელს გამოვუყავით. ჩვენი მხრიდან დასადები თანხები უკვე მობილიზებულია, ასეთი გეგმის მიხედვით, მშენებლობა გაზაფხულზე დაიწყება. აქტიურად მიმდინარეობს ახალი ინვესტორის შერჩევა, რომელიც მალე დასრულდება. მაქსიმუმ დეკემბერ–იანვარში გამოვაცხადებთ გამარჯვებულ ინვესტორს და ჩვენ ერთობლივად დავიწყებთ ანაკლიის პორტის მშენებლობას 2024 წლის მარტი–აპრილში" - თქვა ღარიბაშვილმა ნოემბერში.
ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ანაკლიის პორტის ასაშენებლად სახელმწიფოს პარტნიორი კომპანიის შერჩევის კონკურსი დასკვნით ეტაპზეა. დავითაშვილი ამბობს, რომ გამარჯვებული ორი კომპანიიდან აირჩევა. მინისტრის განცხადებით, ერთი შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანიაა, მეორე კი ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი.
"ამ ორ პრეტენდენტთან მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში მოლაპარაკებები გვექნება, რომ მათი მხრიდან წინადადებები მივიღოთ. სწორედ ამ წინადადებების კონკურენტუნარიანობასა და ხარისხზეა დამოკიდებული, თუ ვინ იქნება ჩვენი კერძო პარტნიორი [...] კომპანიებთან კონფიდენციალურობის შეთანხმების გამო, ასევე, საქართველოს კანონმდებლობიდან და საერთაშორისო დირექტივებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, კონკურსის დასრულებამდე ჩვენ ამ ორი კომპანიის სახელს საჯაროდ ვერ ვიტყვით". - თქვა დავითაშვილმა 2023 წლის სექტემბერში პარლამენტში, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფებოდა.
2020 წლის იანვარში მთავრობამ გაწყვიტა ხელშეკრულება ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან, რომლის თავმჯდომარეც მამუკა ხაზარაძე იყო. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ხაზარაძის მიერ დაფუძნებულმა კონსორციუმმა 2017 წელს მოიგო
2019 წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საქმე, უკანონო შემოსავლების ლეგალიზების საქმეზე. საქმე ეხებოდა 2007 წელს თიბისი ბანკში განხორციელებულ ტრანზაქციას.
3-წლიანი დავის შემდეგ, სასამართლომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე, ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი დამნაშავედ ცნო და მათ 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა, ფულის გათეთრების ბრალდება თაღლითობის მუხლით გადაკვალიფიცირდა და ბრალდებულებს ხანდაზმულობის გამო, სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა მოეხსნათ.
2023 წლის 30 სექტემბერს უზენაესმა სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე განსახილველად არ მიიღო.