ბინების ფასი

ყველაზე მეტი ბინა დიდ დიღომში გაიყიდა, ქირის ფასი ყველა უბანში შემცირდა - Galt & Taggart

Galt & Taggart-ის მიმოხილვის თანახმად, 2024 წლის თებერვალში გასაყიდი ბინის ფასების ზრდის დინამიკა პირველად ბაზარზე შენარჩუნდა (თვიური 0.8%-იანი და წლიური 16.5%-იანი ზრდა), მაშინ როცა მეორად ბაზარზე ფასები შემცირდა (-4.1% და -2.2% თვიური კლება ახალ და ძველ პროექტებზე, შესაბამისად).

ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის თებერვალში თბილისში 3 444 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 0.9%-იანი ზრდაა იანვრის 6.3%-იანი წლიური ზრდის შემდეგ. ეს ზრდა მთლიანად გამოწვეული იყო პირველად ბაზარზე გაზრდილი ტრანზაქციების რაოდენობით (+11.8% წ/წ). რაც შეეხება მეორად ბაზარს, გაყიდვები წლიურად 7.5%-ით შემცირდა.

"მეორად ბაზარზე გაყიდვების კლება სპეკულაციური ყიდვა-გაქირავების პერიოდის დასრულებაზე მიუთითებს, რაც გამოწვეულია ქირის, და შესაბამისად შემოსავლიანობის, ეტაპობრივი კლებით, რომლებიც ჯანსაღ დონეს უბრუნდებიან" - წერია ანგარიშში.

2024 წლის თებერვალში თბილისში გაყიდული ბინების თითქმის ნახევარი (49.0%) დიდი დიღმის (+17.0%), სამგორის (+11.5%) და საბურთალოს (-8.2%) რაიონებზე მოდის. აღსანიშნავია, რომ გაყიდვებმა იკლო თბილისის ცენტრალურ უბნებში - ვაკეში (-11.2%) და მთაწმინდაზე (-35.9%). ამასთან, გასაყიდი ბინების ფასი ყველაზე მაღალი კვლავ მთაწმინდასა და ვაკეშია.

"ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა - გაყიდვებში საშუალო ზომის ბინების (51-80 მ2) დომინირება, მათი ხელმისაწვდომობისა და გაქირავების სიმარტივის გამო, და ბიუჯეტური კლასის სეგმენტის ($501-800/მ2) წილის კლება, რაც გამოწვეულია მზარდი ფასებით" - წერია ანგარიშში.

რაც შეეხება ქირას, 2024 წლის თებერვალში თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირამ კვადრატულზე 9.9 აშშ დოლარი შეადგინა, რაც თვიური 4.8%-იანი შემცირებაა. Galt & Taggart-ი აღნიშნავს, რომ ქირის საფასური შემცირებულია თბილისის ყველა რაიონში.

"ჩვენ ველით, რომ 2024 წლის განმავლობაში გაგრძელდება ქირის ფასის ეტაპობრივი სტაბილიზაცია" - წერია მიმოხილვაში.

კომენტარები