კრიმინალი

ყოფილ მულს კაცის სახელით გაეცნო და პირადი ფოტოები გაუვრცელა - 24 წლის ქალს ბრალი წარუდგინეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 24 წლის ქალი ამხილა. გამოძიების ცნობით, მან ყოფილი ქმრის დისგან მოტყუებით მოიპოვა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო-ვიდეომასალა, შემდეგ კი - შურისძიების მოტივით გაავრცელა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წელს, სოციალურ ქსელ ინსტაგრამის ყალბი პროფილის გამოყენებით, 2000 წელს დაბადებული ქალი, შურისძიების მოტივით მამაკაცის სახელით  მისი ყოფილი მეუღლის დას გაეცნო და ნდობა მოიპოვა.  დაზარალებულმა მითითებულ ყალბ პროფილზე ყოფილ რძალს, რომელიც მამაკაცის სახელით, ყალბი პროფილით ესაუბრებოდა, თავისი შიშველი სხეულის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები გადაუგზავნა.

ბრალდებულმა, ამ გზით, მოტყუებით, უკანონოდ მოიპოვა და შეინახა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა, რომლებიც შემდგომ სახელის გატეხის მიზნით დაზარალებულის ნათესავებთან გაავრცელა. სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ბრალდებული ქალის პირადი ჩხრეკისას, მობილურ ტელეფონიდან ამოღებულ იქნა დაზარალებულის შიშველი სხეულის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა. დანაშაულში მხილებულ ქალს ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე წარედგინა. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - აცხადებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური.

კომენტარები