პარტია ახალი

ნიკა მელია და ნიკა გვარამია საარჩევნოდ ერთიანდებიან

ნიკა მელია და ნიკა გვარამია
ფოტო: ტაბულა

ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია და ტელეკომპანია მთავარის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია საარჩევნოდ ერთიანდებიან - ამის შესახებ მათ 11 მარტს შემაჯამებელი შეხვედრა და ერთიანი ბრიფინგი გამართეს.

პოლიტიკურ გაერთიანებას ახალი ერქმევა და საარჩევნო ნომერი - 4 იქნება

"ჩვენი პარტია არის ახალი, ჩვენ ვართ ერთად, ჩვენ ვიბრძვით საქართველოში ახალი გზებით ცვლილებებისთვის, ჩვენ შევცვლით, იმიტომ რომ ვიცით ბრძოლა, ვიცით რა ფასი აქვს მოუსყიდაობას, ვიცით რა ფასი აქვს სამშობლოს მსახურებას, ვიცით, როგორ დავძლიოთ სირთულეები და როგორ ვუპასუხოთ გამოწვევებს, ჩვენ ეს ვიცით, ჩვენ შევცვლით, მაგრამ ვიცით ასევე, როგორ ვმართოთ და ჩვენ გავაგრძელებთ ამ ქვეყნის ისტორიას წარმატებული ხელისუფლებით, წარმატებული ნაბიჯებით და ევროინტეგრაციით". - თქვა ნიკა გვარამიამ პოლიტიკური გაერთიანების წარდგენისას.

მისივე თქმით, "ეს არ არის პარტიის პრეზენტაცია, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ ერთად, დავიწყოთ სიახლით, დავიწყოთ შემდგომი გაერთიანებების სურვილით და მე გულმხურვალე მომხრე ვარ დიდი გაერთიანებების, მე ნებისმიერი დათმობისთვის ვარ თანახმა გამარჯვების სანაცვლოდ, მაგრამ ეს ვერ იქნება მხოლოდ ჩვენი ინიციატივა. ჩვენ არ მოგიწოდებთ არავის, რომ შემოგვიერთდეთ, გთავაზობთ, რომ გავერთიანდეთ. არ ვარ შემოერთებისთვის, გაერთიანებისტი ვარ და ამას გთავაზობთ".

ნიკა მელიას თქმით, ცოტა ხანში გაიმართება პოლიტიკური გაერთიანების სადამფუძნებლო პარტიული ყრილობა. იგი დარწმუნებულია, რომ "ეს ერთობა მოიტანს ნიჰილიზმის დამარცხებას და გამარჯვების ბაცილის შეტანას ყველას ოჯახში, ქალაქსა და დაბაში".

"რთული იყო ეს გზა და ვინც ჩართული იყო პროცესში, ის ტყუილის თქმის შესაძლებლობას არ მომცემს. სამი თვის განმავლობაში გრძელდებოდა ეს პროცესი, ვყოფილიყავით ერთი საარჩევნო სუბიექტი, ვყოფილიყავით ერთი გუნდი, გარდა მეგობრებისა, ვყოფილიყავით ერთი საარჩევნო ელექტორალური სუბიექტი, თუ არა და რით ვიხელმძღვანელეთ. ვიხელმძღვანელეთ პირველ რიგში ორი გუნდის ინტერესით, ვიხელმძღვანელეთ ათობით ათასი აქტიური ამომრჩევლის ინტერესით". - ამბობს მელია.

პოლიტიკური გაერთიანების პრეზენტაციაზე გარდა გვარამიასა და მელიასი, სიტყვით გამოვიდნენ ენმ-ს ყოფილი წევრი, გიორგი კირთაძე, პრეზიდენტის ყოფილი წარმომადგენელი, მაია კოპალეიშვილი და 2021 წელს ჭიათურის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ნოდარ ჩაჩანიძე, რომელსაც მაშინ მხარი ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ (ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო, ლელო და დროა) დაუჭირა.

კომენტარები