საქართველო-ევროკავშირი

შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენა დეზინფორმაციაა - EU-ს წარმომადგენლობა ოცნების განცხადებებზე

შეხვედრა უკრაინის გენერალური პროკურორსა და ევროკავშირის სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა დირექტორატიდან გენერალური დირექტორის მოადგილეს, გერტ იან კოპმანს შორის.
ფოტო: უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისი

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში "მედიაში გავრცელებული ინფორმაციის პასუხად" განცხადებას აქვეყნებს, სადაც დეზინფორმაციას უწოდებს გერტ იან კომპანსა და დელეგეციის რამდენიმე წევრთან ერთად, უკრაინის გენერალური პროკურორის შეხვედრის "სხვაგვარად წარმოჩენას".

"მედიაში გავრცელებული ინფორმაციის პასუხად, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა განმარტავს, რომ გენერალური დირექტორის მოადგილეს, გერტ იან კოპმანს, ევროკავშირის სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების დირექტორატიდან, რეგულარული შეხვედრები აქვს დასავლეთ ბალკანეთის, აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლოს და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან, რასაკვირველია, უკრაინის ჩათვლით.

გასულ სამშაბათს, ის შეხვდა უკრაინის გენერალურ პროკურორს, რომელსაც უკრაინის დელეგაციაში შემავალი რამდენიმე ადამიანი ახლდა. ამ შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენა დეზინფორმაციაა (ხოლო სწორი ინფორმაციის მოპოვება მარტივადაა შესაძლებელი ევროკავშირის გვერდებზე სოციალურ ქსელში).

ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასთან ბრძოლა პირველი ნაბიჯია იმ ცხრა ნაბიჯიდან, რომელიც გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისკენ უნდა გადაიდგას". - წერს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა.

უკრაინის გენერალური პროკურორის ტელეგრამის გვერდზე 6 მარტს გავრცელებული სურათის მიხედვით, შეხვედრაში საქართველოს ყოფილი იუსტიციის მინისტრი, ზურაბ ადეიშვილიც მონაწილეობდა. მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე EU-ში სრული გაწევრიანების გზაზე უკრაინის პროგრესზე ისაუბრეს.

წყარო: უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისი

7 მარტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შეხვედრაში ადეიშვილის მონაწილეობის საკითხზე საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის ელჩი განცხადებას გააკეთებს იმის შესახებ "ცნობილი იყო, თუ არა ვის ხვდებოდნენ ევროკომისიის წარმომადგენლები და მეორე, მას შემდეგ რაც ეს ცნობილი გახდა, რას ეტყვიან ისინი ქართველ ხალხს". საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე კი აცხადებს, რომ ადეიშვილის "იქ ჯდომა აზიანებს დასავლურ განწყობებს საქართველოში".

კომენტარები