ახალი რუსული კანონი

მდინარაძე: ჩვენ ვართ გზაგასაყარზე – ქართველი ხალხი არის ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის მხარეს

ჩვენ როდესაც 2017 წელს ქორწინების დეფინიციას კატეგორიულად და მკაცრად განვსაზღვრავდით კონსტიტუციაში და მას დავარქვით, საბოლოოდ, ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, მაშინ იყო გააფთრებული წინააღმდეგობა, იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც დღეს მამუკა ხაზარაძის პარტიის წევრები არიან, იყო წინააღმდეგობა იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ნაცმოძრაობას აქტიურად უჭერს მხარს თავისი მავნებლური დამოკიდებულებით და ამ გააფთრებულ წინააღმდეგობას დღეს ვეღარ ბედავენ, რადგან ხვდებიან ძალიან კარგად, რომ ქართველი ხალხი არის ერთ მხარეს, არის ღირსების, ეროვნული იდენტობის, ტრადიციების შენარჩუნების მხარეს, ქართველი ხალხი არის ლგბტ პროპაგანდის მკაცრი აკრძალვის და რა თქმა უნდა, ამავდროულად უფლებების განუხრელად დაცვის მხარეს.

შესაბამისად, ისინი [ოპოზიცია] არ ამბობენ არცერთ სიტყვას, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი მკაფიოდ იყოს გაწერილი საქართველოს კანონმდებლობაში იმიტომ, რომ ეძებენ ახლა რაღაც ფრაზებს, რომლებსაც გამოეკიდებიან და ამით დადგებიან ლგბტ პროპაგანდის მხარეს და ამ ყველაზე ჯანსაღ აზრს, ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვანს საქართველოს ისტორიაში [მხარს არ დაუჭერენ].

ახლა ჩვენ ვართ გზაგასაყარზე, შევინარჩუნებთ თუ არა იმას, რაც ძალიან ძვირფასი და წმინდაა ყველა ქართველისთვის და საქართველოს ყველა მოქალაქისთვის - ამას დაუპირისპირეს სპეკულაციური კამპანია ფასების შესახებ, წარმოიდგინეთ, რა შუაშია. [...] მაშინ, როდესაც სიღარიბის კოეფიციენტი საქართველოში განახევრებულია.

თქვა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ახალ რუსულ კანონზე დასმული შეკითხვების საპასუხოდ. 

29 თებერვალს, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ მმართველი გუნდი შეიმუშავებს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც "საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს". მისი განცხადებით, კანონპროექტი პარლამენტში მაქსიმუმ 2 კვირაში დაინიცირდება.

კომენტარები