თბილისის მერია

9 მარტიდან 18-მეტრიანი ავტობუსები N314 მარშრუტზე გავა, 16 მარტიდან – N301-ზე

9 მარტიდან 18-მეტრიანი ავტობუსები N314 მარშრუტის მგზავრებს მოემსახურებიან, 16 მარტიდან კი, ახალი ავტობუსები N301 მარშრუტზე იმოძრავებენ. 

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა,  ახალი ავტობუსები პირველ ეტაპზე იმ მარშრუტებზე გადის, სადაც ყველაზე დიდი მგზავრთნაკადია.

"როგორც მოგეხსენებათ, 12-მეტრიანთან შედარებით, 18-მეტრიან ავტობუსს 86%-ით მეტი მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობა აქვს. ამის გათვალისწინებით, ჩვენ თავდაპირველად, სწორედ ის კონკრეტული მიმართულებები შევარჩიეთ, სადაც ყველაზე დიდი მგზავრთნაკადი ფიქსირდებოდა. პირველ რიგში, ახალი ავტობუსები სწორედ ამ მარშრუტებზე გავუშვით, რომ უფრო მეტი მგზავრის გადაყვანის საშუალება მოგვეცეს. N302 და N308 მარშრუტებზე 18-მეტრიანი ავტობუსები უკვე მოძრაობენ, 9 მარტიდან კი ავტობუსები გავა N314-ზე, ხოლო 16 მარტიდან - N301-ზე.

ეტაპობრივად, რა თქმა უნდა, ჩვენ საზოგადოებას მივწავდით ინფორმაციას თუ რა მარშრუტებზე იმოძრავებს ახალი ავტობუსები, რომლებსაც, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, კიდევ უფრო მეტი მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობა აქვს და ასევე, ვიზუალური მხარითაც გამოირჩევა - ძალიან ლამაზია და ძალიან უხდება ჩვენს დედაქალაქს ახალი ავტობუსები" - თქვა თბილისის მერმა.

კომენტარები