ნარკოტიკების ზედოზირება

POG: სავარაუდოდ ნარკოტიკის ზედოზირებით 1 პირი დაიღუპა, მასთან ერთად მყოფს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სამტრედიაში სავარაუდოდ ნარკოტიკების ზედოზირებით ერთი პირი გარდაიცვალა, მასთან ერთად მყოფი კი დააკავეს და ბრალდება წარუდგინეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებით დადგინდა, "1 მარტს, ორმა პირმა, შემდგომში გასაღების მიზნით, პოლიეთილენის პაკეტებში დაფასოებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძე) სამტრედიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მიიტანეს და მდინარის პირას ე.წ. "ლოკაციებზე" განათავსეს. მათ ტელეფონის ფოტოკამერით, ადგილმდებარეობის კოორდინატების მითითებით, თითოეულ ლოკაციას ფოტოსურათი გადაუღეს, რათა შემდგომში ისინი ნარკოტიკული საშუალებების შემძენი პირებისთვის გადაეგზავნათ. გამოძიების მიერ ამ დროისთვის მოპოვებული ინფორმაციით, აღნიშნულის შემდგომ ორივე პირმა მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება, რის შემდგომაც ერთ-ერთი მათგანი სავარაუდოდ ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა". - წერს პროკურატურა განცხადებაში.

საქართველოს პროკურაუტრის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული 2 მარტს დააკავეს და მას ბრალდება  სისხლის სამართლის კოდექსის 19, 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და მეშვიდე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად გასაღების მცდელობის ფაქტი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თოთხმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

"3 მარტს, შსს-ს თანამშრომლებმა ე.წ. "ლოკაციებიდან" ბრალდებულების მიერ 24 ცალად დაფასოებული და განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობის - 3,35 გრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. რაც შეეხება სავარაუდოდ ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაცვლილ პირს, მისი გარდაცვალების მიზეზის დასადგენად დაინიშნა შესაბამისი სამედიცინო ექსპერტიზა.

პროკურატურა ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება". - წერს საქართველოს პროკურატურა.

კომენტარები