არჩევნები 2024

ნიკა მელია ამბობს, რომ მისი საარჩევნო ნომერი 4 იქნება

Nika Melia / ნიკა მელია / Facebook

ნიკა მელიას თქმით, მისი საარჩევნო ნომერი 4 იქნება. ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე Facebook-ზე წერს.

"2024 წლის არჩევნებზე აუცილებლად მოხდება გარდამტეხი ცვლილებები ქვეყნისა და ხალხის ინტერესების შესაბამისად. ყველანი ერთად გადავდგამთ დიდ ნაბიჯს წინ, მომავლისკენ და ამ ნაბიჯს ექნება თავისი სიმბოლო - ნომერი 4.

მჯერა, რომ უახლოეს მომავალში 4-იანი გახდება ბრძოლისა და გამარჯვების, წარმატებისა და პროგრესის სიმბოლო, რომელიც დიდი ხნით დაიმკვიდრებს თავს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში". - წერს მელია.

თებერვალში ნიკა მელია ამბობდა, რომ არჩევნებზე რომელიმე ისეთი პოლიტიკური სუბიექტის საარჩევნო ნომრის აღებას განიხილავდა, რომელიც თავად არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებდა. ერთ-ერთ ვარიანტად მელია ნიკა მაჭუტაძის პარტიას ასახელებდა. 

ნომერი 4 პარტიას სახელმწიფო ხალხისთვის ეკუთვნოდა, რომელიც პაატა ბურჭულაძემ დააარსა, მისი თავმჯდომარე კი სწორედ ნიკა მაჭუტაძე იყო.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე, ნიკა მელიას თავისი პოლიტიკური პარტია ოფიციალურად არ წარუდგენია.

კომენტარები