ოკუპირებული აფხაზეთი

არძინბა: მადლობა ღმერთს, რომ საქართველოს მთავრობა გონიერია

ინალ არძინბა

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ საქართველოს ხელისუფლების გონიერება შეაქო.

თუმცა, არძინბამ ხაზი გაუსვა, რომ ჟენევის დისკუსიების ფარგლებში აშშ-ს მხარდაჭერით ქართული მხარე ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას ხელს არ აწერს.

"ჩვენ, აფხაზები, საკუთარ თავს ვუსვამთ კითხვას, რატომ არ აწერენ ხელს შეთანხმებას? ნუთუ, საქართველოს ომი უნდა? თუ ამერიკელებს უნდათ, მეორე ფრონტი გახსნან? ჩვენ გვესმის, ასე თუ ისე, ასეთი ინფორმაცია ვრცელდება, რომ ამერიკელები მეორე ფრონტის გახსნას აპირებენ, მაგრამ, მადლობა ღმერთს, რომ საქართველოს ხელისუფლება გონიერია, ომი არავის სჭირდება, მათ შორის თვითონ საქართველოსაც". - თქვა არძინბამ.

მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დარწმუნებულია, რომ საქართველო აფხაზეთის წინააღმდეგ აგრესიას არ განახორციელებს, რადგან ეს ასევე რუსეთის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იქნება. 

"დღესდღეობით, საკანონმდებლო ჩარჩოს შესაბამისად, აფხაზეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ აგრესია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ აგრესიას წარმოადგენს. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ამას არ გააკეთებენ". - თქვა არძინბამ. 

ამის შესახებ არძინბამ მსოფლიო ახალგაზრდულ ფორუმზე ისაუბრა, რომელშიც ასევე ქართულმა დელეგაციამ მიიღო მონაწილეობა. 40 კაცისგან შემდგარ ჯგუფს პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი, დიმიტრი ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობდა.

კომენტარები