გიორგი გახარია

გახარია: ივანიშვილის გამოჩენა ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის დიდი საჩუქარია

გიორგი გახარია
Screenshot / Youtube: Giorgi Gakharia

პარტია საქართველოსთვის ლიდერმა და ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ თავის ყოველკვირეულ YouTube-გადაცემაში ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალურ დაბრუნებაზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს მისი პოლიტიკური ძალისთვის დიდი საჩუქარია.

"ჩვენი კეთილისმსურველები ამტკიცებენ, რომ ივანიშვილის გამოჩენამ ყველაზე უფრო გახარია დააზიანაო. წარმოდგენა არ აქვთ პოლიტიკაზე. ამ ხალხს ვინც ამას ამბობს, წარმოდგენა არ აქვთ პოლიტიკაზე. ივანიშვილის გამოჩენა ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის იმხელა საჩუქარია, იმხელა საჩუქარია, რომლის კონვერტაცია რეალურ შედეგებში ჩვენ, რა თქმა უნდა, ჯერ არ დაგვიწყია. ვიღაცას თუ ეჩქარება არჩევნებამდე 8 თვით ადრე დიდი დინამიზმი მოაწყოს პოლიტიკურ ველზე, ჩვენ არსად არ გვეჩქარება. ჩვენ მივყვებით ჩვენს გეგმას თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ". - თქვა გახარიამ.

ყოფილი პრემიერის აზრით, ივანიშვილის გამოჩენამ ყველაზე მეტად თავად ივანიშვილი დაასუსტა. მისივე თქმით, "დღეს ჩვენ თუ სააკაშვილი გვყავს პატიმარი, ზუსტად იგივე პატიმარია ივანიშვილი, ოღონდ, თავისი შეცდომების და ის ამ კედელს უკვე დაეჯახა".

გახარიამ მოკლე კომენტარი გააკეთა, სავარაუდოდ, ქართული ოცნების მიერ დაანონსებულ, "ლგბტ პროპაგანდის" საწინააღმდეგო საკანონმდებლო ინიციატივაზეც. მისი თქმით, ივანიშვილს ძალაუფლების შესანარჩუნებლად რესურსი აღარ ჰყოფნის, რის გამოც, ოცნება ძალიან სახიფათო ველზე შევიდა.

"ახლა რომ დაბრუნდა და რეალობა ნახა, მისი სახელი არჩევნებს ვეღარ მოიგებს. იმისთვის, რომ არჩევნები მოიგოს და რაც მთავარი მიზანი აქვს, ძალაუფლება გაიხანგრძლივოს, ახლა დაიწყო სოციალური ინჟინერიის რაღაც ტესტები... როგორც კი ხედავ, რომ შენი რესურსი საკმარისი უკვე არ არის, ეს ფული უკვე აღარ მუშაობს, ადმინისტრაციულ რესურსსაც უკუეფექტი აქვს, ცვეთა, რასაც ნაციონალური მოძრაობა ელოდება აგრეთვე, უკვე ფაქტორია და შენი სახელიც უკვე ვეღარ ასრულებს იმ როლს, რისი იმედიც გქონდა და რამაც გამოგიყვანა, ახლა ოცნება არის გადასული სოციალური ინჟინერიის ექსპერიმენტებზე. ძალიან სახიფათო ველზე არიან. არიან ძალიან სახიფათო ველზე". - თქვა გახარიამ.

29 თებერვალს, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ მმართველი გუნდი შეიმუშავებს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც "საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს". მისი განცხადებით, კანონპროექტი პარლამენტში მაქსიმუმ 2 კვირაში დაინიცირდება.

კომენტარები