2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში

ტრამპმა აიდაჰოს, მისურისა და მიჩიგანის კოკუსებში გაიმარჯვა

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Justin Sullivan/Getty Images

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აიდაჰოს, მისურისა და მიჩიგანის ე.წ. კოკუსებში გაიმარჯვა და 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელთა კანდიდატობას უფრო მიუახლოვდა

2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური ნომინაციის მისაღებად კანდიდატს 1 215 დელეგატის ხმა სჭირდება. ამჟამად, ტრამპს 244 დელეგატი ჰყავს, ხოლო მის მეტოქეს, ნიკი ჰეილის - 24.  

მიჩიგანის კოკუსში ტრამპმა ხმების ხმების დაახლოებით 98% მიიღო და ყველა შესაძლო დელეგატიდან 39-ვე მოიპოვა. შტატში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის არჩევის პროცესი ორ ნაწილად, პრაიმერიზად და კოკუსად, იყო გაყოფილი. პრაიმერიზი ტრამპმა 27 თებერვალს მოიგო და ხმების 68% მიიღო, ხოლო ჰეილიმ 27% მოიპოვა. 

საპრეზიდენტო პრაიმერიზისა და კოკუსების პარალელურად, მიჩიგანში ადგილობრივი რესპუბლიკური პარტიის ლიდერობასთან დაკავშირებით დავა მიმდინარეობდა. პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარე პიტ ჰეკსტრაა, რომელსაც პარტიის მრავალმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მათ შორის ტრამპმა, დაუჭირა მხარი, ხოლო რესპუბლიკელი მხარდამჭერების ნაწილი პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს, კრისტინა კარამოს ემხრობა.

მისურიში საპრეზიდენტო პრაიმერიზის ნაცვლად კოკუსი ჩატარდა, რადგან 2022 წელს 2024 წლის პრაიმერიზი გაუქმდა. წელს პირველად გამოიცადა ახალი სისტემა, რომელსაც თითქმის მთლიანად რესპუბლიკელმა მოხალისეებმა უხელმძღვანელეს. 

აიდაჰოშიც პრაიმერიზის ნაცვლად კოკუსი შედგა, რადგან ხარჯების შესამცირებლად შტატის ყველა პრაიმერიზის ერთ დროს ჩატარება იგეგმებოდა, რაც ვერ მოხერხდა.

კომენტარები