რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კალასი მაკრონის ინიციატივაზე: არ გამოვრიცხავთ ვარიანტებს, რისი გაკეთებაც შესაძლებელია

კაია კალასი და ემანუელ მაკრონი პარიზში, 2023 წლის ოქტომბერი
Jürgen Randma

ესტონეთის პრემიერმინისტრმა, კაია კალასმა POLITICO-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონის ინიციატივაზე უკრაინაში სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობის შესახებ.

ესტონეთის პრემიერის თქმით, დახურულ კარს მიღმა უნდა განიხილებოდეს ყველა ვარიანტი, რისი გაკეთებაც მოკავშირეებს შეუძლიათ. მან მაკრონის სიტყვებს დროული უწოდა.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიდი ქვეყნები მიხვდნენ, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა რუსეთმა ეს ომი ვერ მოიგოს, რადგან შემდეგ საქმე გვექნება უფრო მძიმე შედეგებთან." – თქვა კალასმა.

კალასის შეფასებით, მაკრონის ინიციატივა რუსეთისთვის უნდა იყოს სიგნალი, რომ დასავლეთი არ გამორიცხავს შესაძლებლობებს, რომელთა განხორციელებაც შესაძლებელია. 

ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობამ, ასევე აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და თავად NATO-ს გენერალურმა მდივანმა გასულ დღეებში უკრაინაში სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა გამორიცხეს. თუმცა მაკრონის სიტყვები დადებითად შეაფასეს ბალტიისპირეთის კიდევ ერთ ქვეყანაში, ლიტვაში, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა აღნიშნა, რომ მადლობელი იყო ამ ინიციატივისთვის და დაამატა, რომ "არცერთ შესაძლებლობაზე უნდა ითქვას უარი".

"ჩემი აზრით, ეს არის სიგნალი, რომელსაც რუსეთს ვუგზავნით, რომ ჩვენ არ გამოვრიცხავთ სხვადასხვა ვარიანტებს, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. ყველა ქვეყანამ გაიგო, რომ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა უკრაინამ გაიმარჯვოს და რუსეთი ომში დამარცხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ომი გავრცელდება და ამის ხილვა არავის სურს. ვფიქრობ, დახურულ კარს მიღმა ამ ყველაფერს უნდა განვიხილავდეთ." – აღნიშნა კალასმა.

ცნობა, რომ უკრაინაში სამხედროების გაგზავნა NATO-სა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის განიხილებოდა, თავდაპირველად სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა, რობერტ ფიცომ გაავრცელა, რაც შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმაც დაადასტურა. მაკრონის თქმით, ამ შესაძლებლობა ძალიან თავისუფლად და პირდაპირ" განიხილავენ. პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მწვავე დებატები გაიმართა და საბოლოო გადაწყვეტილებამდე არ მისულან.

კრემლში გავრცელებულ ცნობებს გამოეხმაურნენ და თქვეს, რომ თუ ევროპული ქვეყნები უკრაინაში სამხედროებს განალაგებენ, მაშინ NATO-სთან ომი გარდაუვალი გახდება. მაკრონის სიტყვებს თავად ვლადიმირ პუტინიც გამოეხმაურა და "პოტენციურ ინტერვენტებს" "ტრაგიკული" შედეგებით დაემუქრა.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსი უკრაინაში სამხედროების გაგზავნას არ გეგმავს. ამავე შინაარსის კომენტარი გააკეთეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტშიც.

კომენტარები