კრიმინალი

$15 მილიონის დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია – უცხო ქვეყნის 5 მოქალაქეს ბრალი წარედგინა

პროკურატურა

პროკურატურის ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე უცხო ქვეყნის 5 მოქალაქეს ბრალი წარედგინა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, მათ ხელთ არსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის წარმომავლობის წყაროს დაფარვის და კანონიერი სახის მიცემის მიზნით, თანხები საქართველოს კომერციულ ბანკებში, მათივე სახელზე გახსნილ ანგარიშებზე განათავსეს, შემდეგ კი თანხის ნაწილი საზღვარგარეთ პირად საბანკო და მათივე კონტროლის ქვეშ არსებულ ანგარიშებზე გადარიცხეს, ხოლო თანხის ნაწილით შეიძინეს კრიპტოვალუტა და საქართველოში მდებარე ძვირადღირებული უძრავ-მოძრავი ქონებები.

"აღნიშნული ქმედებით, ბრალდებულებმა განახორციელეს დაახლოებით 15 000 000 აშშ დოლარამდე დაუსაბუთებელი შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემა და ლეგალურ ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართვა.

გამოძიების დაწყებისთანავე, ყადაღა დაედო ბრალდებულების საბანკო ანგარიშებზე დარჩენილ თანხებს და მათ საკუთრებაში არსებულ უძრავ და მოძრავ ქონებებს, რითაც მათ არ მიეცათ მათი შემდგომი განკარგვისა და გადამალვის შესაძლებლობა." - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

უცხო ქვეყნის 5 მოქალაქეს პროკურატურამ ბრალი ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარუდგინა, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. მათთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები