სამივლინებო ხარჯები

ანგოლა, ბაჰრეინი, ვიეტნამი – 2023 წელს დეპუტატების ვიზიტებში ჯამში 2 მილიონამდე დაიხარჯა

ქართული ოცნების დეპუტატები პლენარულ სხდომაზე, 8 თებერვალი
ქართული ოცნება

არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ცნობით, პარლამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2023 წელს დეპუტატების მივლინებები საზღვარგარეთ ჯამში 1 849 239 ლარი, ქვეყნის შიგნით კი 90 510 ლარი დაჯდა. 

ორგანიზაციის ცნობით, 2023 წლის მივლინებების ჯამური თანხა 2022-ის ანალოგიურ მონაცემებს 194 077 ლარით აღემატება. 

ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს საზღვარგარეთ ყველაზე ძვირიანი მივლინება პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ჰქონდა, რომელმაც ანგოლაში ვიზიტში ჯამში 18 973 ლარი დახარჯა. ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ანგოლაში პაპუაშვილთან ერთად მმართველი გუნდის დეპუტატები, ნიკოლოზ სამხარაძე და სალომე ქურასბედიანიც იმყოფებოდნენ, რომელთა მივლინებებიც ჯამში 33 844 ლარი დაჯდა. 

ნიკოლოზ სამხარაძე კიდევ ერთი ძვირადღირებულ მივლინებაში იმყოფებოდა. მან ჩილესა და ურუგვაიში ვიზიტში ჯამში 14 774 ლარი დახარჯა.

ფლანგვის დეტექტორის ცნობით, 2023 წელს ჯამურად ყველაზე ძვირიანი მივლინებები ქვეყნის გარეთ ჰქონდათ:

  1. Ნიკოლოზ სამხარაძე - 24 მივლინება - 152 994 ლარი;
  2. Მაკა ბოჭორიშვილი - 29 მივლინება - 143 476 ლარი;
  3. გივი მიქანაძე - 20 მივლინება - 95 520 ლარი.

ევროპულ ქვეყნებში ვიზიტების გარდა, მმართველი გუნდის დეპუტატებს მივლინებები ჰქონდათ არაბთა გაერთიანებული საამიროებში, აშშ-ში, მაროკოში, ყაზახეთში, ბაჰრეინში, უზბეკეთში, კანადაში, ჩილეში, ურუგვაიში, ისრაელში, ინდონეზიაში, იაპონიაში, ვიეტნამში, ანგოლაში, ჩინეთსა და არგენტინაში.

კომენტარები