სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: სამართლიანი არჩევნები არაა დამოკიდებული იმაზე, სად იქნება სააკაშვილი

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება არაა დამოკიდებული იმაზე, თუ სად იქნება სააკაშვილი. ის არ არის პოლიტიკური ოპონენტი ციხეში, ის არ არის ნავალნი, პირდაპირ რომ გიპასუხოთ შეკითხვაზე. რასაც ახლა ვხედავთ, რაც სხვადასხვა რეჟიმებში გვინახავს, ავტოკრატიული, ავტორიტარული რეჟიმების ციხეებში ადამიანის უფლებების დარღვევების ტენდენცია - ეს ყველაფერი გვინახავს და სააკაშვილის მმართველობის დროს ამაში გვიცხოვრია. ასე რომ, ის ციხეში რეალური მიზეზების გამო იმყოფება. ეს არ ნიშნავს, რომ ჰუმანიტარული პერსპექტივა არ უნდა იყოს დაცული და პატივცემული.

რეპუტაციულად, უმჯობესი იქნებოდა, [სააკაშვილი] სადმე სხვაგან ყოფილიყო. ეს მთავრობის გადაწყვეტილებაა. სხვადასხვა გზა არსებობს, როგორ შეიძლება ამ საკითხის გადაწყვეტა. სხვა ქვეყნები მიმართავენ ხოლმე შინაპატიმრობას, ასევე არსებობს ექსტრადიცია, უკრაინამ გამოიჩინა მზაობა. 

ჩემის მხრივ, ერთი შესაძლებლობა მაქვს, რაზეც არასდროს ვაკეთებ კომენტარს ქვეყნის გარეთ და რთულად ვპასუხობ ამ კითხვას ქვეყნის შიგნით. ბევრი სხვა ადამიანი ელოდება შეწყალებას და ახსნას თუ დაიწყებ, არასამართლიანი იქნება მათ მიმართ. ასე რომ, კომენტარს არ გავაკეთებ. ეს მორალური გადაწყვეტილებაა, რომელსაც ჩემით მივიღებ და მხოლოდ მე ვიქნები პასუხისმგებელი. ეს ნამდვილად არ არის ის, რაზეც გარე ან შიდა ზეწოლა იმოქმედებს.

თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კითხვაზე საპასუხოდ, რამდენად იქნება შესაძლებელი სამართლიანი არჩევნების ჩატარება, მაშინ როცა საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეშია. 

ზურაბიშვილმა ამის შესახებ დიდ ბრიტანეთში, Chatham House-ის საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე საუბრისას აღნიშნა. 

კომენტარები