ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

პალესტინის ადმინისტრაციის პრემიერი მთავრობასთან ერთად გადადგა

THOMAS KIENZLE / AFP

პალესტინის პრემიერმინისტრმა, მოჰამედ შტაიემ და მისმა მთავრობამ პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს გადადგომის შესახებ წერილი წარუდგინა.

შტაიეს განმარტებით, ღაზაში ომის ფონზე პალესტინა ახალ ეტაპზე გადადის, რომლისთვისაც სამომავლო პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით პალესტინელთა შორის კონსენსუსის წარმოქმნა არის საჭირო. 

"(რედ. - ახალ ეტაპს) ახალი სამთავრობო და პოლიტიკური წესრიგი ესაჭიროება, რომელიც ღაზას სექტორში განვითარებულ რეალობას, ეროვნულ ერთიანობაზე მოლაპარაკებებსა და ინტერპალესტინური კონსენსუსის გადაუდებელ საჭიროებას გაითვალისწინებს". - თქვა შტაიემ. 

გადამდგარი პრემიერის თქმით, ღაზა 5 თვის განმავლობაში ინტენსიური ომის შედეგად თითქმის განადგურებულია, რაც ახლებურ პოლიტიკურ ზომებს მოითხოვს. მანვე დაამატა, რომ საჭიროა "ადმინისტრაციის მმართველობის გაფართოება მთლიან ტერიტორიაზე, პალესტინაზე". 

შტაიემ თანამდებობა 2019 წელს დაიკავა. გადაწყვეტილების ამოქმედებამდე, ნაბიჯი აბასმა უნდა დაამტკიცოს, რომელმაც შესაძლოა პრემიერს დროებით დარჩენა სთხოვოს, სანამ მისი ჩამნაცვლებელი არ მოიძებნება. 

ეს გადაწყვეტილება აშშ-ს მხრიდან მზარდ ზეწოლას მოსდევს. აშშ აბასს პალესტინურ ადმინისტრაციის რეფორმირებისკენ მოუწოდებდა, რათა ომის დასრულების შემდეგ ღაზაში მთავრობის ფუნქცია ითავსოს.

ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ გასულ თვეებში ამბობდა, რომ ღაზის სექტორში ჰამასის ჩანაცვლებას პალესტინის ადმინისტრაციით (PA) ჩანაცვლებას არ დაუშვებდა, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ისრაელს მოუწოდებს, რომ რეფორმირებულ PA-სთან თანაცხოვრება გააგრძელონ.

აღსანიშნავია, რომ ნეთანიაჰუს მიერ უსაფრთხოების კაბინეტისთვის წარდგენილი ღაზის სექტორის მართვის გეგმა PA-ს მმართველობას პირდაპირ არ გამორიცხავს. გეგმაში ნათქვამია, რომ საჯარო საქმეები ღაზის სექტორში მართული იქნება "ლოკალური წარმომადგენლების" მიერ, რომლებსაც გააჩნიათ "ადმინისტრაციული გამოცდილება"  და არ აქვთ კავშირი ქვეყნებთან ან ჯგუფებთან, რომლებიც მხარს უჭერენ ტერორიზმს.

კომენტარები