ტაქსის ლიცენზია

ახალი კანონპროექტით ტაქსის ლიცენზია მუნიციპალიტეტებშიც სავალდებულო იქნება

პარლამენტი განიხილავს მთავრობის ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება. დოკუმენტი 2023 წლის 22 დეკემბერს დარეგისტრირდა და მისი მიღების შემთხვევაში ცვლილებები 2025 წლის 1 ივნისიდან უნდა ამოქმედდეს.

დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებით გათვალისწინებულია დედაქალაქის გარდა 63 მუნიციპალიტეტში მსუბუქი ავტომობილით - ტაქსით (M1 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისთვის ნებართვის გაცემა, ასევე, მუნიციპალიტეტის მიერ სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის განსაზღვრა. მუნიციპალიტეტებმა ლიცენზიის გაცემის წესი უნდა შეიმუშაონ 2025 წლის 1 ივნისამდე.

ნებართვის და ნებართვის დუბლიკატისთვის გადახდილი საფასური, რაც სავარაუდოდ 100 ლარი იქნება, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მიემართება. ნავარაუდებია, რომ ნებართვებში გადახდილი თანხა კანონის მიღებიდან პირველივე წელს 488 ათას ლარს შეადგენს, 3 წელში კი ჯამურად თითქმის 2 მილიონ ლარს.

"მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა საქართველოს დედაქალაქისა) მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების დარღვევით განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა საქართველოს დედაქალაქისა) მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის შესაბამისი ნებართვის გარეშე განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით".- წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. 

დედაქალაქში მსგავსი კანონი ტაქსების ლიცენზირების შესახებ 2018 წლის 1 ოქტომბრიდან შევიდა ძალაში. 

კომენტარები