ალექსეი ნავალნის სიკვდილი

ჰეილის თქმით, ტრამპი ნავალნის სიკვდილზე დუმილით ან პუტინს ეთანხმება, ან არ აინტერესებს

რესპუბლიკელი ნიკი ჰეილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებაზე აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დუმილს გამოეხმაურა

აშშ-ში სამხრეთ კაროლინის ყოფილი გუბერნატორი და 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის რესპუბლიკელი მეტოქე ნიკი ჰეილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სიკვდილზე ტრამპის დუმილს გამოეხმაურა.

ჰეილის თქმით, ტრამპის დუმილი გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ იმაზე, თუ რას ფიქრობს იგი ნავალნის გარდაცვალებაზე.

"ან პუტინის მხარეს დგას და ჰგონია, კარგია, რომ პუტინმა ერთ-ერთი პოლიტიკური ოპონენტი მოკლა, ან უბრალოდ არ მიაჩნია ეს მნიშვნელოვან საკითხად". - თქვა ჰეილიმ ABC News-თან საუბრისას და დაამატა: "აქედან ორივე [შესაძლებლობა] დასაფიქრებელია. ორივე პრობლემურია".

ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და აშშ-ს მოწინავე პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ და ნავალნის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა პუტინს დააკისრეს.

ნიკი ჰეილი ჯერ კიდევ ცდილობს ტრამპს 2024 წლის არჩევნებში რესპუბლიკელთან პრეზიდენტობის კანდიდატობის მოპოვებაში შეეცილოს. 

თუკი ჰეილი გადაწყვეტს, ტრამპის კანდიდატურას ბოლომდე შეეცილოს, მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში რესპუბლიკელი კანდიდატები კოკუსებსა და პრაიმერის კენჭისყრებზე წარმატებული შედეგის დადებით შეეცდებიან, პარტიის დელეგატების მხარდაჭერა მოიპოვონ, რითაც გამოვლინდება, თუ ვინ გახდება 2024 წლის არჩევნებში რესპუბლიკელთა პრეზიდენტობის კანდიდატი.

ამისთვის, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატს 2 500 დელეგატიდან, სულ მცირე, 1 215 დელეგატის მხარდაჭერის მოპოვება დასჭირდება.

კომენტარები