ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ბრაზილიის პრეზიდენტმა ღაზის ომი ჰოლოკოსტს შეადარა, რასაც ისრაელის მწვავე რეაქცია მოჰყვა

ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა დე სილვა კაიროში სიტყვით გამოსვლისას, 15 თებერვალი, 2024
REUTERS/Mohamed Abdel-Ghany/File Photo

ბრაზილიის პრეზიდენტს ლუის ინასიო ლულა დე სილვას ისრაელი ჰოლოკოსტის გაუფერულებასა და ებრაელი ხალხის შეურაცხყოფაში მას შემდეგ ადანაშაულებს, რაც ლულამ ჰამასის ტერორისტების წინააღმდეგ ისრაელის ომი მეორე მსოფლიო ომში ნაცისტების მიერ ებრაელების გენოციდს შეადარა.

18 თებერვალს ბრაზილიის პრეზიდენტმა ეთიოპიის დედაქალაქში აფრიკის კავშირის 37-ე სამიტზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ "ის, რაც ღაზის სექტორში პალესტინელი ხალხის მიმართ ხდება, ისტორიაში სხვა პარალელი არ აქვს, გარდა იმისა, როდესაც ჰიტლერმა ებრაელების მოკვლა გადაწყვიტა".

ლულას გამოსვლის შემდეგ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ისრაელში ბრაზილიის ელჩს დაიბარებდნენ, რათა ბრაზილიის პრეზიდენტის განცხადებების გამო ოფიციალურად ესაყვედურათ.

მოგვიანებით მომხდარს X-ზე ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუც გამოეხმაურა და ბრაზილიის პრეზიდენტის სიტყვებს "სამარცხვინო" უწოდა.

"ისრაელის ჰიტლერთან და ნაცისტების ჰოლოკოსტთან შედარება წითელი ხაზის გადაკვეთაა", წერს ისრაელის პრემიერი და ამატებს, რომ "ისრაელი საკუთარი თავდაცვისთვის და უსაფრთხო მომავლისთვის სრულ გამარჯვებამდე იბრძვის და ამას საერთაშორისო სამართლის ფარგლებში აკეთებს".

რამდენიმე საათის შემდეგ განცხადება გაავრცელა ჰამასის ტერორისტულმა ორგანიზაციამაც, რომელშიც ჰამასი ბრაზილიის პრეზიდენტს ზემოხსენებული განცხადებებისთვის მადლობას უხდის და მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს ლულას განცხადების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები