დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

ფაშინიანი: აზერბაიჯანი კვლავ ცდილობს სომხეთის მიმართ სამხედრო იძულების პოლიტიკის გატარებას

სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანი კვლავ ცდილობს სომხეთის მიმართ სამხედრო იძულების პოლიტიკის გატარებას. ამის შესახებ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

ფაშინიანის შეფასებით, 13 თებერვალს სასაზღვრო ზონაში მომხდარი ინციდენტი, აზერბაიჯანის დესტრუქციული პოლიტიკის კიდევ ერთი გამოვლინებაა.

"12 თებერვალს აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მოსამსახურეს სომხური სასაზღვრო პოზიციებიდან ცეცხლი გაუხსნეს და დაჭრეს. ამ ცნობის გავრცელების შემდეგ, სომხეთის სამხედრო პოლიციამ გაავრცელა განცხადება ინციდენტზე გამოძიების დაწყების შესახებ, რადგან არსებობს ცხადი ბრძანება თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის პირობების დაცვის შესახებ. ბრძანება ითვალისწინებს პროვოკაციების იგნორირებასაც. ასევე, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში შესაბამის სამართლებრივ ზომებს. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანმა მომდევნო დილას ზემოხსენებული სომხური პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაგვეღუპა. ამ მოვლენების აღწერა ცხადყოფს, რომ აზერბაიჯანის განზრახვები კვლავ უცვლელია: გაატაროს სამხედრო იძულების პოლიტიკა სომხეთის მიმართ". - თქვა ფაშინიანმა.

გარდა ამისა სომხეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ ოფიციალური ბაქოს მხრიდან გაჟღერებული განცხადებები სომხეთის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევა და საშინაო საქმეში ჩარევაა.

კომენტარები