წამლების ფასები

კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტული კომპანიების მიმართ მოკვლევა კიდევ ერთ საქმეზე დაიწყო

NHS

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მედიკამენტების იმპორტის ფასთან შედარებით 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით რეალიზების საქმეებზე მოკვლევა კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ფარმაცევტული კომპანიების მიმართ კიდევ ერთ საქმეზე დაიწყო.

"საქმე ეხება სამინისტროს მიერ, გასული წლის დეკემბერში გასაჯაროებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ფარმაცევტული კომპანიები, მედიკამენტების რეალიზაციას, იმპორტის ფასთან შედარებით, 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით ახდენდნენ.

კონკურენციის სააგენტო, დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტს, 8 ფარმაცევტული კომპანიის მიმართ სწავლობს. სააგენტო დაადგენს ჰქონდა თუ არა ადგილი, კომპანიების მხრიდან არასამართლიანი ფასის ან სხვა არასამართლიანი სავაჭრო პირობების ფიქსირებას.

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ, აღნიშნულ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი უკვე გაავრცელა, რის შემდეგადაც წამლების ფასი შემცირდა" - წერია ჯანდაცვის სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, კონკურენციის სააგენტომ ერთ-ერთი საქმის მოკვლევა გასული წლის დეკემბრის ბოლოს დაასრულა და სამართალდამრღვევი ფარმაცევტული კომპანიები 52 797 934 ლარით დააჯარიმა. 

"შეგახსენებთ, რომ კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ჯანდაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, კიდევ ერთი საქმის მოკვლევა, დეკემბრის ბოლოს დაასრულა. მოკვლევის შედეგად დაადასტურა, რომ ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, ადგილი ჰქონდა შეთანხმებულ ქმედებასა და კონკურენციის კანონმდებლობის მძიმე ფორმის დარღვევას. კერძოდ, „პსპ ფარმამ“, „ავერსმა“ „ფარმადეპომ“ „ჯიპისიმ“ და „მერმისმა“ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ერთი თეთრის სიზუსტით, იდენტური ფასები განსაზღვრეს.

კონკურენციის სააგენტომ, სამართალდამრღვევი ფარმაცევტული კომპანიები 52 797 934 ლარით დააჯარიმა" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

29 დეკემბერს, კონკურენციის სააგენტოს განცხადების შემდეგ, ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააფთიაქო ქსელები, PSP, ავერსი და მერმისი მათი დაჯარიმების შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ.


პარლამენტმა წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები გასულ წელს მიიღო. პროექტი საკანონმდებლო დონეზე რეფერენტული ფასწარმოქმნის დაშვებას ითვალისწინებს. ამის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტრომ ფარმაცევტული პროდუქტების რეფერენტული ფასების  ჩამონათვალი დაამტკიცა. 

რეფერენტული ფასი, პირველ ეტაპზე, 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე დაწესდა. ეტაპობრივად კი სხვა მედიკამენტებზეც განისაზღვრება. ზღვრული მაქსიმალური ფასები საბითუმო და საცალო რეალიზაციის დონეზე დაწესდა.

ფარმაცევტულ კომპანიებს, განსაზღვრულ ფასზე ძვირად წამლის გაყიდვა 15 თებერვლიდან აღარ შეუძლიათ. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თუკი ფარმაცევტული სექტორი რომელიმე მედიკამენტის ფასზე დასაბუთებულ არგუმენტს წარადგენს, სამინისტროში შექმნილი სპეციალური საბჭო აღნიშნულს განიხილავს და ზოგიერთ წამალზე შესაძლოა ფასი დაკორექტირდეს.

ზღვრული ფასების დაწესებიდან ერთ კვირაში ჯანდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, "ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, არაკეთილსინდისიერი ქმედებები დაფიქსირდა". კერძოდ, სამინისტროს მტკიცებით, კომპანიების ნაწილმა, თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასები ხელოვნურად გაზარდა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებულ, იგივე დასახელების მედიკამენტების ღირებულებას გაუთანაბრა".

კომენტარები