ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ტყვეების გამოშვების ნაცვლად ისრაელი მზადაა, ჰამასის ლიდერებს ღაზის დატოვების ნება დართოს

ჰამასის ლიდერი იაჰია სინვარი
Ali Jadallah / Anadolu Agency via Getty Images

ისრაელი მზადაა, ჰამასის ექვს ლიდერს, მათ შორის იაჰია სინვარს, ღაზის სექტორის დატოვების ნებართვა მისცეს. ამისთვის, ისრაელის მხარე ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციისგან ღაზის სექტორის დატოვებასა და აყვანილი მძევლების გათავისუფლებას მოითხოვს. ამის შესახებ ამერიკულ სამაუწყებლო კომპანია NBC News-ს ისრაელელმა მაღალჩინოსნებმა და უფროსმა მრჩევლებმა აცნობეს.

მათი თქმით, დერადიკალიზაციის მიზნით, ღაზიდან ჰამასის ლიდერების გაძევების საკითხი ნოემბრის თვიდან იყო განხილვის საგანი, ხოლო ისრაელელმა მაღალჩინოსნებმა NBC News-თან ამის შესახებ იანვრის დასაწყისში ისაუბრეს.

7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ, ისრაელმა ჰამასის ლიდერების, რომლებმაც ეს თავდასხმა დაგეგმეს,  მოკვლის პირობა დადო. თუმცა, ომის დაწყების შემდეგ ღაზიდან ჰამასის ხელმძღვანელობის მოშორების ალტერნატიული გზების განხილვა დაიწყო.

"ჩვენ პრობლემა არ გვაქვს, თუკი [სინვარი] არაფატის მიერ ლიბანის დატოვების მსგავსად წავა. ჩვენ ამის ნებართვას იმ შემთხვევაში მივცემთ, თუ ყველა მძევალს გამოუშვებენ". - განაცხადა ისრაელის პრემიერმინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს მრჩეველმა.

NBC News-ს საკითხთან დაახლოებულმა წყაროებმა განუცხადეს, რომ ზემოხსენებული გეგმა ისრაელმა აშშ-საც გააცნო, რაც ასევე ღაზის განათლების სისტემის გარდაქმნასა და ჰამასის ლიდერების სამოქალაქო პირებით ჩანაცვლებას მოიცავს.

გავრცელებული ცნობებით, ჰამასის ექვსი ლიდერის მიერ ღაზის დატოვების გეგმა ისრაელის მხარემ ჰამასს არ წარუდგინა, ვინაიდან ტერორისტულმა ორგანიზაციამ ღაზიდან გაძევების იდეა თავიდანვე უარყო.

სანაცვლოდ, ჰამასმა ისრაელს ღაზის სექტორიდან ჯარების სრული გაყვანა შესთავაზა, რაც ნეთანიაჰუმ გუშინ, 8 თებერვალს, უარყო.

კომენტარები