შალვა პაპუაშვილი

პაპუაშვილი ელისაშვილს: თუ ეტიკეტი გაინტერესებთ, დარბაზში ჩაცმულობას მიაქციეთ ყურადღება

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა პარტია მოქალაქეების ლიდერს, ალეკო ელისაშვილს უპასუხა, რომ თუ ეტიკეტი აინტერესებს, სხდომათა დარბაზში საკუთარ ჩაცმულობას მიაქციოს ყურადღება. 

ალეკო ელისაშვილმა მანამდე თქვა, რომ პრეზიდენტის წლიური მოხსენებისას სხდომათა დარბაზში მისი შემოსვლისას, მმართველი პარტია ფეხზე არ წამოდგა და ზურაბიშვილს არ მიესალმა, რაც მისივე თქმით, არც პოლიტიკური და არც ადამიანური კულტურა არ არის.

პაპუაშვილმა დეპუტატს შეახსენა, რომ მისალმების ფორმები რეგლამენტით არ არის გათვალისწინებული და სხდომათა დარბაზში მყოფ პირებს ჩაცმულობის ნორმების დაცვისკენ მოუწოდა.

"შეგახსენებთ, რომ მისალმების ფორმები რეგლამენტით არ არის მოწესრიგებული და მე მგონი, პოლიტიკური ჟესტი უნდა განასხვაოთ თქვენ ქცევის წესებიდან, თუმცა ბატონო ალეკო, რაც არის რეგლამენტით მოწესრიგებული, კერძოდ მისი 84-ე მუხლის მეშვიდე პუნქტით, არის ის, რომ სხდომათა დარბაზში მყოფ პირთა ჩაცმულობა უნდა იყოს საპროტოკოლო, საქმიანი ან ეროვნული. მე თქვენ ჩაცმულობაში რაიმე საქმიანი, საპროტოკოლო ვერ დავინახე და მაინცდამაინც ჩოხა-ახალუხს და ქამარ-ხანჯალსაც ვერ გატყობთ, ამიტომ გთხოვთ, თუ მაინცდამაინც ეტიკეტი გაინტერესებთ და პატივს სცემთ, ამას მიაქციოთ ყურადღება" - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

კომენტარები