TV ფორმულა

გუმბარიძე: "ფორმულაში" კეზერაშვილის კონტრიბუცია არ შემცირებულა, ის არსად წასულა

ფორმულას გენერალური დირექტორი, ზუკა გუმბარიძე

ტელეკომპანია ფორმულას ეთერში არხის გენერალურმა დირექტორმა, ზუკა გუმბარიძემ მიმდინარე რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ისაუბრა. მან გასართობი შინაარსის გადაცემების დახურვისა და თანამშრომლების გათავისუფლების მიზეზები განმარტა და არხის დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის როლზეც ისაუბრა.

"[დავით კეზერაშვილის] განწყობები არის აბსოლუტურად ისეთივე სერიოზული, როგორიც ეს იყო მანამდე. ის არსად არ წასულა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ რეგიონის მასშტაბით, ალბათ, ერთადერთი არხი, რომელშიც არცერთი დამფუძნებელი აღარ ფლობს საკონტროლო პაკეტს - დავით კეზერაშვილმა დათმო საკონტროლო პაკეტი და გადაუნაწილა ეს ჩვენს თანამშრომლებს, იმ ადამიანებს ვინც შექმნეს ფორმულა და დღესაც ქმნიან ფორმულას - მიუხედავად ამისა, ერთი წუთითაც კი, მისი განწყობები და მისი კონტრიბუცია, რასაც ის დებდა ამ არხში, არ შემცირებულა. პირიქით, ის არის აბსოლუტურად ასე განწყობილი.

რაც შეიქმნა ფორმულა, მის ცხოვრებაში პრობლემები მხოლოდ და მხოლოდ გაიზარდა. ცხადია, ის არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამიზნე ქართული ოცნების ხელისუფლების. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც პოლიტიკურად ყველაზე მძიმეწონოსანი პოლიტიკოსი, მესამე პრეზიდენტი დღეს არის ციხეში, ადამიანი რომელიც ქვეყნის გარეთ იმყოფება და აქვს ფინანსური რესურსები იმისთვის, რომ ჰქონდეს ფორმულა და იყოს დაპირისპირებაში ამ პოლიტიკურ რეჟიმთან, ცხადია, არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური სამიზნე. მაგრამ, ამის მიუხედავად, ის განაგრძობს ამ არხში ინვესტიციას, ის განაგრძობს იგივე შემართებით". - აღნიშნა გუმბარიძემ.

ფორმულას გენერალურმა დირექტორმა ასევე თქვა, რომ არხზე მიმდინარე პროცესების გამო, ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის, მათთვის, "კომპანიაში ვინც რჩება და ცხადია, იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც, ამ რეორგანიზაციის შედეგად, მოგვიწია რომ დავემშვიდობოთ" მძიმე დღეებია. მისივე თქმით, რეორგანიზაციის მთავარი მიზეზი ფინანსური პრობლემებია, რომელიც ხელისუფლების მიერ მედიის წინააღმდეგ სხვადასხვა კანონების შემოღებითა და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობითაა გამოწვეული.

"არავისთვის ადვილი არ ყოფილა ასეთი გადაწყვეტილების მიღება, როდესაც საკუთარ მეგობარს, თანაგუნდელს და თანამებრძოლს ემშვიდობები ამდენი წლის მერე. ეს არის ძალიან რთული. თუმცა, ჩვენ უნდა ვადაპტირდეთ იმ მოცემულობასთან, რომელიც არის". - აღნიშნა მან.

გუმბარიძის თქმით, ფორმულას ბადე დაიტვირთება პოლიტიკური კონტენტი და შემცირდება გასართობი გადაცემები. დაიხურება ია ფარულავასა და თათია შარანგიას გადაცემები, დიდი თამაში და სამზარეულოს ომები. მანვე აღნიშნა, რომ ჩემი ცოლის დაქალები სეზონის დასრულების შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში ეთერში არ გავა, თუმცა, სპონსორებთან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სერიალი ტრადიციულ ბადეს უფრო მალე დაუბრუნდება ვიდრე სხვა გადაცემები.

ფორმულამ 31 იანვარს განცხადება გამოაქვეყნა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია "თებერვლისა და მარტის განმავლობაში ფორმატს შეიცვლის და მიმდინარე სატელევიზიო სეზონზე მთლიანად გახდება საინფორმაციო-ანალიტიკური შინაარსის". მათივე ინფორმაციით, რეორგანიზაციის მიზეზი ფინანსური საკითხები და ქვეყანაში მედიის მიმართ მოქმედი რეგულაციებია. 

არხის განცხადებას გამოეხმაურა ფორმულაზე გადაცემა დაკარგული დროს ერთ-ერთი წამყვანი და მწერალი, ლაშა ბუღაძე და მას "უპასუხისმგებლო განმარტებას" უწოდა.

კომენტარები