ბექა ვარდოსანიძე

ტერორიზმზე ცრუ შეტყობინებები – ბექა ვარდოსანიძეს სუს-ში კითხავენ

კონტრტერორისტულმა ცენტრმა პუტინისტური ძალადობრივი ალტ-ინფოს წევრის, ბექა ვარდოსანიძის საცხოვრებელი ბინასა და ავტოფარეხში სპეცოპერაცია ჩაატარა და ვარდოსანიძე გამოსაკითხად სუს-ში გადაიყვანა. სპეცოპერაცია ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე სსკ-ის 331-ე მუხლით  გამოძიების ფარგლებში ჩატარდა. ამის შესახებ განცხადებას სახელმწიფო უსაფრთოხოების სამსახური ავრცელებს.

ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცავებმა სხვადასხვა კომპიუტერული და ელექტრონული ტექნიკა ამოიღეს. როგორც უწყებაში ამბობენ, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ სხვადასხვა უწყებაში აფეთქებასთან დაკავშირებით შესული ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებები ვარდოსანიძის პირადი ელექტრონული ფოსტიდან გაიგზავნა.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე სსკ-ის 331-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინებების საფუძველზე კონტრტერორისტულმა ცენტრმა ბექა ვარდოსანიძის პირადი, საცხოვრებელი ბინისა და ავტოფარეხის ჩხრეკა ჩაატარა.

კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებებით დგინდება, რომ დროის გარკვეული ინტერვალით, კონკრეტული პირის სარგებლობაში არსებული ელექტრონული ფოსტიდან, სხვადასხვა უწყებაში გაიგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებები, რაც დაკავშირებული იყო აფეთქებების განხორციელებასთან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, ტელეკომპანია „იმედის“ ოფიციალურ მეილზე აღნიშნულმა მომხმარებელმა გაგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინება. ტექსტში მითითებული იყო, რომ კლუბში „ბასიანი“, ბარში „რატის ბარში“ და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საახალწლო ღონისძიების ფარგლებში განთავსებულ სცენაზე, ასევე მიმდებარე ტერიტორიასა და სხვადასხვა ავტომანქანაში დამონტაჟებული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობები.

ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ამოღებულია სხვადასხვა კომპიუტერული და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი ტექნიკა, რაზეც ჩატარდება შესაბამისი მოქმედებები და საექსპერტო კვლევები. საქმეზე გრძელდება გამოძიება.". - წერია განცხადებაში.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მიმდინარე წლის 21 იანვარს შეტყობინებები მიიღეს ბათუმში, სხვადასხვა ლოკაციაზე შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების შესახებ. სუს-ის ინფორმაციით, გაატარეს სპეციალური ღონისძიებები ბათუმის სავაჭრო ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებში, თუმცა, ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა ვერ იპოვეს. 

"ამ ეტაპზე მოპოვებული ოპერატიული მონაცემების ანალიზით, შეტყობინებები ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების შესახებ განხორციელდა ქვეყნის ფარგლებს გარედან, სადაც მიზანმიმართულად მითითებული იქნა არასრულწლოვანი საქართველოს მოქალაქის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომერი.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე. მიმდინარე ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში, შეტყობინებების ინიციატორის იდენტიფიცირების მიზნით, დახმარებისათვის ეცნობათ პარტნიორ უწყებებს" - აცხადებს უსაფრთხოების სამსახური.

გარდა ამისა, 2023 წლის 30 დეკემბერს და მიმდინარე წლის 17 იანვარს ცრუ შეტყობინებები საზღვარგარეთიდან გალერეა თბილისში ტერორისტული თავდასხმის შესახებაც მიიღეს.

კომენტარები