არჩევნები 2024

ჩერგოლეიშვილი: ჩვენ ჩვენი ხაზი გვაქვს და ის მიგვაჩნია გამარჯვების გზად

თამარ ჩერგოლეიშვილი ევროპული საქართველოს კონფერენციაზე
ზურა ცერცვაძე/ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა კოალიციური მთავრობის საკითხზე ისაუბრა და ის კონკრეტული მახასიათებლები განმარტა, რომლებიც აუცილებელია ოპოზიციისთვის არჩევნებში უპირატესობის მოსაპოვებლად.

"არჩევნებში უპირატესობის მოპოვებას სჭირდება ძალიან კონკრეტული მახასიათებლები. პირველ რიგში უნდა იყო თანმიმდევრული იმისთვის, რომ გოლი გაიტანო.

მეორე მნიშვნელოვანი მახასიათებელია სისტემური აზროვნება - ადამიანები ისედაც მიდრეკილნი არიან, რომ იყვნენ ბევრისკენ და უმრავლესობისკენ. როცა ნორმატიულ გავლენას უპირისპირდები, საჭიროა განსაკუთრებული და სისტემური აზროვნება იმისთვის, რომ ამ ნორმატიულ გავლენას ადამიანები გამოგლიჯო, კონვერსია მოახდინო და არჩევნები მოიგო. სწორად უნდა აღიქვამდე სისტემას და სწორად ხედავდე რა მომენტში რა ნაბიჯი უნდა გადადგა.

ასევე, საჭიროა მოქნილობა, ამაში ვგულისხმობ, რომ მაგალითად, ახლა ევროპულ საქართველოში ვხედავთ, რომ ანტისისტემური პერსპექტივიდან გაცილებით უფრო სწორი და სამართლიანია დარტყმა, რადგან სრულიად მართალი ხარ, როდესაც პოლიტიკურ სპექტრს და პოლიტიკურ ელიტას ურტყამ იმიტომ, რომ დღეს კორუფციაშია ყველაფერი. გიგა [ბოკერია] სწორად მანევრირებდა, როცა იყო ნაციონალურ მოძრაობაში და სრულიად სხვა შესაძლებლობები ჰქონდა, ზუსტად იმავეს აკეთებს ახლაც, ოღონდ სრულიად ანტისისტემური ნიშიდან.

მეოთხე - ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი მოკავშირეების პოვნა, რომლებიც შენს იდეებს გაავრცელებენ და იდენტიფიცირებადი არიან იმ გარემოსთვის რა გარემოშიც ამ ყველაფერს ავრცელებენ. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება ისეთი მოკავშირეები, რომლებიც მზად არიან და ნებისყოფა აქვთ იმისთვის, რომ ამ სტრატეგიას გაყვნენ. ჩვენი ამოცანაა რომ ბიძინა ივანიშვილი და რეჟიმი დამარცხდეს. ჩვენ ბელადის კარზე სამსახურად არ ვხედავთ ჩვენს მიზანს". - თქვა ჩერგოლეიშვილმა Facebook-ზე ჩართვისას.

მისივე თქმით, ევროპული საქართველო სხვა პოლიტიკოსებთან თანამშრომლობის წინააღმდეგი არ არის, თუმცა ამასთანავე, "ჩვენი ხაზი გვაქვს და რაც მთავარია, ჩვენი ხაზი მიგვაჩნია გამარჯვების გზად, რაც არ უნდა მოიტანოს მან".

"ჩვენ ხაზი არ გვაქვს გადასმული ვინმესთან თანამშრომლობაზე, მაგრამ გვარამიასთან და ჩვენთან თანამშრომლობა ერთად არ გამოვა, არც ნაცებთან და ჩვენთან თანამშრომლობა გამოვა ერთდროულად, არც ქოცებთან და ჩვენთან თანამშრომლობა.

ჩვენ ჩვენი ხაზი გვაქვს და რაც მთავარია, ჩვენი ხაზი მიგვაჩნია გამარჯვების გზად, რაც არ უნდა მოიტანოს. გასაგებია, რომ ჩვენი ტაქტიკა მარათონის ტაქტიკაა და ეს ვერ იქნება სპრინტი, მაგრამ სპრინტი ვერავისთვის ვერ იქნება - ყველა წააგებს, ვინც მარათონის ტაქტიკას არ აირჩევს იმიტომ, რომ ვერ გაძვრებიან ბიძინა ივანიშვილთან სპრინტით". - თქვა ჩერგოლეიშვილმა.

კომენტარები