უკრაინა-ჩინეთი

უკრაინის პრეზიდენტმა სი ძინფინგი მშვიდობის სამიტზე მიიწვია – ზელენსკის მრჩეველი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინფინგი შვეიცარიაში დაგეგმილ "მშვიდობის სამიტზე" მიიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა Reuters-თან ისაუბრა.

"ჩვენ ნამდვილად ვეპატიჟებით ჩინეთს, მონაწილეობა მიიღოს სამიტში. ჩინეთის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის. ჩვენ ვმუშაობთ ჩინურ მხარესთან. ჩვენ ამ პროცესში ვრთავთ ჩვენ პარტნიორებს მთელი მსოფლიოდან, რათა დაარწმუნონ ჩინეთი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ სამიტში მონაწილეობა" – ამბობს ზელენსკის მრჩეველი, იჰორ ჟოვკვა. 

2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად ჩინეთი რუსეთის მთავარ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო პარტნიორად იქცა. 

რუსეთის ფედერაციის ვიცეპრემიერის ალექსანდრ ნოვაკის თქმით, 2023 წელს რუსეთიდან ნავთობის ექსპორტი თითქმის მთლიანად ჩინეთსა და ინდოეთში გავიდა. ნოვაკის თქმით, ჩინეთს წილი 45-50%-ს შეადგენს. 

ამასთან ერთად, უკრაინის პარტნიორ სახელმწიფოებში არსებობს ძლიერი ეჭვი, რომ ჩინეთი რუსეთს შეიარაღებითაც ეხმარება. ამ საკითხზე 2023 წლის აგვისტოში ბრიტანულმა გამოცემა Telegraph-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც საუბარია, რომ ჩინეთი რუსეთს ვერტმფრენებით, დრონებითა და ლითონებით ამარაგებს.

სი ძინფინგი რუსეთს 2023 წლის მარტში ეწვია. ვიზიტამდე, ვლადიმირ პუტინმა წერილი გამოაქვეყნა, სადაც ჩინეთის პრეზიდენტს "ძველი კარგი მეგობარი" უწოდა

 

კომენტარები