ირანი

ირანში მენტალური აშლილობის მქონე პირი სიკვდილით დასაჯეს

მუჰამედ ღობადლუ

23 იანვარს ირანში სიკვდილით დასაჯეს 2022 წლის დემონსტრაციებში მონაწილე პირი, რომელსაც მენტალური აშლილობა ჰქონდა.

სიკვდილმისჯილ მუჰამედ ღობადლუს ირანის მთავრობა ბრალად სდებდა დემონსტრაციების დროს თეირანის პროვინციაში, რობათ ქარიმში სახელმწიფო მოხელის მანქანით გატანასა და მის განზრახ მკვლელობას. 

ახალგაზრდა კაცს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა მოსამართლე აბოლქასემ სალავათიმ, რომელიც, აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პოლიტპატიმრების მიმართ არაპროპორციული გადაწყვეტილებების გამო, აშშ-ს მიერ სანქცირებული პირია.

ღობადლუს სიკვდილით დასჯა ორმხრივად მიუსაჯეს, ერთი სასჯელი რევოლუციურმა სასამართლომ "დედამიწაზე ბოროტების გავრცელების" გამო მიუსაჯა, ხოლო მეორე თეირანის პროვინციის სასამართლომ, მაღალჩინოსნის მკვლელობისთვის.

სიკვდილით დასჯა გააკრიტიკა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციამ, Amnesty International-მა. მათ სასამართლო და გამოძიების პროცესს უწოდეს უსამართლო და თქვეს, რომ აღიარებები წამების ფონზე დაიწერა და არ შეუსწავლიათ ღობადლუს მენტალური ჯანმრთელობა.

Amnesty International-ის ცნობით ,ბიპოლარული აშლილობის გამო ღობადლუ 15 წლის ასაკიდან ფსიქიატრიული კლინიკის ზედამხედველობის ქვეშ რჩებოდა. როგორც Amnesty-ში აღნიშნეს, საერთაშორისო სამართლის სტანდარტებით მენტალური აშლილობის მქონე პირისთვის სიკვდილის მისჯა აკრძალულია.

ირანში სიკვდილით დასაჯეს სულ მცირე 8 დემონსტრანტი, რომლებიც მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ. 22 წლის მაჰსა ამინი ირანის მორალის პოლიციის ცემის შედეგად გარდაიცვალა. მას ფიზიკურად თავსაფრის არასწორად ტარების გამო გაუსწორდნენ. დემონსტრაციები მთელ ირანს მოედო და მათ 300 ადამიანზე მეტი ემსხვერპლა, მათ შორის, გაეროს ცნობით, 40-ზე მეტი ბავშვი.

კომენტარები