რელიგიათა საბჭო

რელიგიათა საბჭო მინდიაშვილზე: ნდობას ვუცხადებთ და მის მოღვაწეობას დადებითად ვაფასებთ

რელიგიათა საბჭო
tolerantoba.ge

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელთან, ბექა მინდიაშვილთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. საბჭო ბექა მინდიაშვილს ნდობას უცხადებს და მის მოღვაწეობას დადებითად აფასებს. მათი განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან ცენზურა დაუშვებელია.

"ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ საქართველო დემოკრატიული განვითარების რთულ გზაზე დგას და ამ თვალსაზრისით, მტკივნეულ პროცესებსაც გადის. შესაბამისად, ჩვენ, რელიგიური გაერთიანებები, 2005 წლიდან მოყოლებული, ტოლერანტობის ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით, აქტიურად და ნაყოფიერად ვმუშაობთ სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოში, რომელიც, ხშირად, უაღრესად დისკრიმინაციულ გარემოში, ჩვენი ერთობლივი პოზიციის გამოსახატავად, ერთადერთ თავისუფალ პლატფორმას წარმოადგენდა. დრო ყველაზე კარგი შემფასებელია. უკვე თითქმის 20 წელია, რაც სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო ეფექტურად განაგრძობს ფუნქციონირებას სხვადასხვა მთავრობისა და სახალხო დამცველის პირობებში და უკიდურესად რთულ გამოწვევებს უმკლავდება. შეგვიძლია, დარწმუნებით ვთქვათ, რომ არა სახალხო დამცველის მანდატი და ასევე ტოლერანტობის ცენტრის თანადგომა, რელიგიათა საბჭოს თანამშრომლობა ეფექტური ვერ იქნებოდა და საქართველოში დემოკრატიის ხარისხი დღეს გაცილებით დაბალი იქნებოდა.

აქვე, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ საბჭოში გაერთიანებულია განსხვავებული რწმენისა და მსოფლმხედველობის რელიგიები. ჩვენი ჰარმონიული თანაარსებობა, გარკვეულწილად, განპირობებულია ბატონი ბექა მინდიაშვილის საქმიანობით, რომელიც ტოლერანტობის ცენტრს ხელმძღვანელობს და გამოირჩევა ტოლერანტული ბუნებით, პროფესიონალიზმითა და დემოკრატიის ღირებულებებისადმი უკომპრომისო ერთგულებით. ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვუცხადებთ ნდობას და დადებითად ვაფასებთ ტოლერანტობის ცენტრისა და ბატონი ბექა მინდიაშვილის მოღვაწეობას. რაც შეეხება მის გამონათქვამებს ამა თუ იმ საღვთისმეტყველო თუ საეკლესიო მოვლენების შესახებ, თუნდაც ეს იყოს პოლემიკური და მწვავე, ეს მისი, როგორც თეოლოგის გამოხატვის თავისუფლებაა, რომელიც როგორც მრავალსაუკუნოვანი ისტორიული გამოცდილება გვასწავლის, ჩვეულებრივი, თანამდევი და ხშირ შემთხვევაში, სასარგებლო პროცესია შიდა კონფესიური თუ ზოგადად, რელიგიური სამყაროსთვის.

ამდენად, სახელმწიფოს მხრიდან ცენზურა თუ შეფასება დაუშვებლად მიგვაჩნია, რადგან ასეთმა ჩარევამ, შესაძლოა, დემოკრატიული პროცესების ბუნებრივი განვითარება შეაფერხოს. იმედს გამოვთქვამთ, რომ სახალხო დამცველი ინსტიტუციის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პოლიტიკას გააგრძელებს და მომავალშიც იქნება ავტონომიურობის მყარი დარაჯი, შესაბამისად, ტოლერანტობის ცენტრი და მასთან თანამშრომლობაში მყოფი რელიგიათა საბჭო, კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების საფუძველზე, ძველებურად, დამოუკიდებლად გააგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას". - წერია განცხადებაში.

რელიგიათა საბჭოს წევრები და განცხადების ავტორები არიან:

  1. სახარების რწმენის ეკლესია
  2. ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია
  3. საქართველოს ევანგელისტური ეკლესია
  4. ხსნის არმია
  5. ქართველ მუსლიმთა კავშირი
  6. სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო
  7. ევანგელური ეკლესია "სიცოცხლის სიტყვა"
  8. წმინდა სამების პროტესტანტული ეკლესია
  9. ბაჰაის საზოგადოება საქართველოში
  10. აღდგენილი სამოციქულო ეკლესია
  11. აჰმადია მუსლიმების გაერთიანება
  12. დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია
  13. ლათინ კათოლიკეთა ამიერკავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია
  14. საქართველოს სომხური კათოლიკური ეკლესია
  15. ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია
  16. მეგობართა რელიგიური საზოგადოება კვაკერები
  17. საქართველოს მეშვიდე დღის ქრისტიან–ადვენტისტთა ეკლესია

18 იანვარს შალვა პაპუაშვილმა სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელ ბექა მინდიაშვილს "ქართული ეკლესიის მიმართ მტრულად განწყობილი ადამიანი" უწოდა და ომბუდსმენს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდა.

მინდიაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს სოციალურ ქსელში უპასუხა და დაწერა, რომ პაპუაშვილი თავისი განცხადებით უგულებელყოფს რელიგიური ნეიტრალობის პრინციპებს და ხელისუფლების მხრიდან ეკლესიის პოლიტიკური მანიპულირების სურვილს გამოხატავს.

20 იანვარს პაპუაშვილი მინდიაშვილს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და დაწერა, რომ ის ეკლესიას აქტიურად ესხმის თავს. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ ორგანიზაცია USAID ტოლერანტობის ცენტრის დაფინანსების გამო გააკრიტიკა. 

შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, მართლმადიდებელი მრევლი შევიწროების ობიექტად სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მათ შორის, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიისა (SOVLAB) და სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის, მიერ იქცა.

კომენტარები