მკვლელობა გერმანიაში

გერმანიაში ქალს მსგავსი გარეგნობის მქონე ქალის მკვლელობისთვის ბრალი წარედგინა

შარაბან კ., რომელსაც მსგავსი გარეგნობის ქალის მკვლელობა ედება ბრალად, სასამართლოში სახეს იფარავს
DPA/ALAMY

გერმანიაში 24 წლის შარაბან კ. მსგავსი გარეგნობის მქონე ქალის მკვლელობის ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარსდგა. პროკურატურის თქმით, ბრალდებულმა მკვლელობა საკუთარი სიკვდილის გასათამაშებლად, 25 წლის შექირ კ-ს დახმარებით ჩაიდინა. 

მკვლელობა 2022 წლის აგვისტოში მოხდა, როცა, ბრალდების თანახმად, შარაბან კ. Instagram-ზე თავის მსგავს ქალებს ეძებდა და სხვადასხვა დაპირებებით მათთან შეხვედრას ცდილობდა. მსხვერპლი ალჟირული წარმომავლობის მქონე ხადიდია ო. გახდა, რომელსაც, პროკურატურის თქმით, შარაბანმა სილამაზის სალონში უფასო მომსახურება შესთავაზა. მკვლელობის დროს ბრალდებულიც და გარდაცვლილიც 23 წლის იყვნენ. 

მსხვერპლი სამხრეთ გერმანიაში, ეპინგენის ქალაქში აიყვანეს და ინგოლშტადტის მიმართულებით მიჰყავდათ, როცა, პროკურატურის თქმით, გზაში 56-ჯერ დაჭრეს და მისი გვამი ტყეში, შარაბანის მანქანაში დატოვეს. 

ცხედრის პოვნის შემდეგ პოლიცია თავდაპირველად ვარაუდობდა, რომ გარდაცვლილი თვითონ შარაბან კ. იყო, მაგრამ მომდევნო დღეს ის და შექირ კ. ადგილობრივ პიცერიაში შენიშნეს და დააკავეს. 

გერმანული მედიის ინფორმაციით, შარაბანს თავისი სიკვდილის გათამაშება წარუმატებელი ქორწინების გამო უნდოდა. 

წყვილს ასევე შარაბანის ყოფილი პარტნიორის ძმის მოსაკლავად პროფესიონალი მკვლელის დაქირავება ედება ბრალად. გარდა ამისა, შექირმა პატიმრობაში ყოფნისას ერთ-ერთი პატიმრის დარწმუნება სცადა, რომ მას საქმეში მოწმე მოეკლა. 

დაკავებულები ბრალდებებს უარყოფენ.

სასამართლოს პირველ დღეს, 16 იანვარს, დაცვის მხარემ თქვა, რომ პროკურატურის მიერ ცოტა ხნის წინ ახალი დოკუმენტების წარდგენის გამო მოსამზადებლად დამატებითი დრო სჭირდებოდა და, ამიტომ, საქმის გადადება მოითხოვა. 

სასამართლო საქმის დროებით შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას შემდეგ კვირას მიიღებს. 

კომენტარები