წერეთლის გამზირი

წერეთელზე მოძრაობა დათქმულ ვადაში აღდგება, ალტერნატიულ კომპანიებს ვეძებთ – მერის მოადგილე

David Nutsubidze/Fb.com

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის მტკიცებით, კომპანიებთან კონტრაქტის გაწყვეტის ფაქტი წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოების დასრულების ვადებზე არ იმოქმედებს.  ბენდელიანი ირწმუნება, რომ რეაბილიტაციის პროექტის საგზაო სამუშაოების ნაწილი, გეგმის შესაბამისად, იანვრის ბოლოს დასრულდება. მისივე  თქმით, ალტერნატიულ კომპანიებს დაჩქარებული წესით ეძებენ.

ირაკლი ბენდელიანი 2023 წლის აპრილში ამბობდა, რომ 2024 წლის იანვარში წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაცია დასრულდებოდა. 

"როგორც იცით, ხელშეკრულებები შევუწყვიტეთ წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოების მიმართულებით მომუშავე კონტრაქტორ კომპანიებს. მერიის შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ 24-საათიან მონიტორინგს ნებისმიერ ინფრასტრუქტურულ პროექტზე და ანალოგიური ხდებოდა აქაც. 

დაფიქსირდა გარკვეული სახის დარღვევები, როგორიცაა ვადების გადაცილება, გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენა, ასევე, იყო უხარისხოდ  შესრულებული სამუშაოები, რომლის გამოსწორებაც მოუწევთ შემსრულებელ კომპანიებს და ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამაზე მერიისგან არათუ დამატებითი თანხები, განსაზღვრული თანხაც არ  გაიცემა იქამდე, ვიდრე ხარვეზიანი სამუშაოები სრულად არ გამოსწორდება.

ახლა მიმდინარეობს დაჩქარებული წესით ალტერნატიული კომპანიების მოძიება, ვინაიდან მოსახლეობის წინაშე გვაქვს პასუხისმგებლობა აღებული, რომ იანვრის ბოლოს წერეთლის გამზირზე საგზაო მოძრაობა აღდგენილი უნდა იყოს. მოხდება ხელშეკრულებების გაფორმება, გაგრძელდება შეუფერხებლად სამუშაოები და ის ვადა, რომელიც ჩვენ მოსახლეობისთვის ნათქვამი გვქონდა, არ გადაიწევს. იანვრის თვის ბოლოს საგზაო სამუშოები დასრულებული იქნება და მოძრაობა იქნება ორმხრივად აღდგენილი.

ახლა მიმდინარეობს ბაზრის კვლევის პროცესი და შევარჩევთ კომპანიას, ვინც უმცირეს ფასს დაგვიდებს და დააკმაყოფილებს პირობებს, რაც გვაქვს დადგენილი - ხარისხი, ვადები და ასე შემდეგ. 

დილიდან კონკრეტული ტელევიზიები თესავენ მიზანმიმართულ პანიკას, თითქოს ხელოვნურად სატრანსპორტო კოლაფსი შეიქმნება და გზა ვერ გაიხსნება. მე კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით გიდასტურებთ, რომ იანვრის ბოლოს საგზაო სამუშაოები დასრულებული იქნება“, - თქვა ბენდელიანმა. 

კითხვაზე, არაჯეროვნად შესრულებული  სამუშაოებისთვის დაჯარიმდებიან თუ არა კონტრაქტორი კომპანიები, მერის მოადგილე პასუხობს, რომ სანქციების რეჟიმი იმოქმედებს ხელშეკრულებებში არსებული წესის თანახმად. ამასთან, ბენდელიანის მტკიცებით, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი არ შეიცვლება. 

"სანქციები იქნება მხოლოდ და მხოლოდ ის, რაც ხელშეკრულებაში იყო ჩადებული. ეს არის საბანკო გარანტიების ნაწილში, ინსპექტირების რამდენიმე აქტი გაკეთდა და შესაბამისი ჯარიმების გამოწერაც მოხდა კონკრეტულად იმ ვადაგადაცილებებზე. ხარვეზების გამოსწორება კი მოუწევთ იმ კომპანიებს, რომლებიც ობიექტზე მუშაობას გააგრძელებენ. თუმცა, იმ კომპანიებს, რომლებმაც ხარვეზები დაუშვეს, თანხას არ გადავუხდით. პროექტის ბიუჯეტი, რომელიც წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისთვის იყო გამოყოფილი, უცვლელი დარჩება“, - თქვა ბენდელიანმა.


თბილისის მერიამ ხელშეკრულებები წერეთლის გამზირზე მომუშავე კონტრაქტორ კომპანიებს, შპს ერ ტე დესა და შპს მილენიუმ ბილდერს გრუპს შეუწყვიტა.

მერია შპს ერ ტე დეს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების დარღვევაში ადანაშაულებს. უწყების განცხადებით, დაფიქსირდა კომპანიის მხრიდან სამუშაოების არწარმოების არაერთი შემთხვევა, ასევე, გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენა. მერიაში ამბობენ, რომ სამუშაოების შემოწმების დროს, 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის იანვრის პერიოდში, 11 ფაქტი იყო, როცა კომპანია ობიექტზე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს არ ასრულებდა. 

"შპს ერ ტე დეს მიერ წერეთლის გამზირზე სამუშაოები მნიშვნელოვნად შეფერხებით სრულდება. დღეის მდგომარეობით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებული არაა და მისი დამთავრების ვადაზე სამსახურის მიერ დაახლოებითი პროგნოზი ვერ კეთდება. ასევე, ირკვევა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები პროექტთან შეუსაბამოდ, უხარისხოდ მიმდინარეობს". - წერს მერია კომპანიისთვის გაგზავნილ დოკუმენტში.

მერია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების დარღვევაში ადანაშაულებს შპს მილენიუმ ბილდერს გრუპსაც. უწყების ცნობით, ამ შემთხვევაშიც ადგილი ჰქონდა სამუშაოების არ წარმოებასა (8-ჯერ) და გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენას.

"შპს მილენიუმ ბილდერ გრუპის მიერ წერეთლის გამზირზე სამუშაოები მნიშვნელოვნად შეფერხებით სრულდება. დღეის მდგომარეობით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებული არაა და მისი დამთავრების ვადაზე სამსახურის მიერ დაახლოებითი პროგნოზი ვერ კეთდება. ასევე, ირკვევა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები პროექტთან შეუსაბამოდ, უხარისხოდ მიმდინარეობს". - წერია მერიის მიერ კომპანიისთვის გაგზავნილ დოკუმენტში. 

მერიამ ორივე კომპანიას შესაბამისი საჯარიმო სანქციები დაუწესა.

დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირისა და შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაცია 2023 წლის აპრილში დაიწყო.

კომენტარები