ისრაელი-ირანი

ირანი ირწმუნება, რომ ერაყში "ისრაელის ჯაშუშების შტაბზე" იერიში მიიტანა

ბალისტიკური რაკეტის გაშვება 
IRNA

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ირწმუნება, რომ ერაყის ქურთისტანის ავტონომიურ რეგიონში "ისრაელის ჯაშუშების შტაბზე" იერიში მიიტანეს. 

ამას გარდა, ირანის არმიის ელიტურ რაზმებში ამბობენ, რომ სირიაში დაარტყეს ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს სამიზნეებსაც.

განცხადებაში ნათქვამია, რომ "სიონისტური რეჟიმის ბოლოდროინდელი დაუნდობელი ქმედებების, რის შედეგადაც გუშაგთა და წინააღმდეგობის ღერძთა მეთაურები დაიხოცნენ, საპასუხოდ ერაყის ქურთისტანის რეგიონში ბალისტიკური რაკეტებით განადგურებულ იქნა მოსადის მთავარი საჯაშუშო შტაბი".

ისრაელის მთავრობას ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. 

გასულ თვეში ირანმა დადო პირობა, რომ შურს იძიებდნენ ისრაელის იერიშის შედეგად სირიაში გუშაგთა სამი წევრის სიკვდილისთვის. დაღუპულთა შორის იყო მაღალჩინოსანი მრჩეველიც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი დებს პირობას, რომ შურისძიებას გააგრძელებენ.

ირანმა ბალისტიკური დარტყმები ქურთისტანის ქალაქი ერბილის დასახლებულ პუნქტში, აშშ-ს საკონსულოს მიმდებარედ მიიტანა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში თავდასხმა დაგმეს და აღნიშნეს, რომ იერიშები არაზუსტად მიტანილი იყო. ასევე, ხაზი გაუსვეს, რომ არ დაშავებულან საკონსულოს თანამშრომლობი და არც ინფრასტრუქტურა დაზიანებულა.

რაც შეეხება სირიაში ISIS-ის სამიზნეებზე იერიშს, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში ირწმუნებიან, რომ დაარტყეს ქერმანის თავდასხმის ორგანიზატორებს. იანვრის დასაწყისში ქალაქი ქერმანში, სასაფლაოზე, სადაც ყუდსის ძალების მეთაური, ყასემ სულეიმანია დაკრძალული, მოხდა ორი აფეთქება, რასაც ირანის სამთავრობო მედიის საბოლოო ცნობით 90-მდე ადამიანი ემსხვერპლა. პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო. თავდაპირველად ირანის სამთავრობო მედიები აცხადებდნენ, რომ მსხვერპლი 100-ზე მეტი იყო.

კომენტარები