ბიძინა ივანიშვილი

დანიის ელჩმა ივანიშვილი რუსეთში გამდიდრებულ ოლიგარქად მოიხსენია

საქართველოში დანიის სამეფოს ელჩმა, ანე ტოფტ სორენსენმა დანიურ მედიაში გამოქვეყნებულ Op-Ed-ში ბიძინა ივანიშვილი რუსეთში გამდიდრებულ ოლიგარქად მოიხსენია. 

ელჩი საუბრობს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე და საქართველოს მიზანზე, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.

ამავდროულად, ელჩი ხაზს უსვამს, რომ ბოლო პერიოდში საქართველო არაერთხელ გაუკტირიკებიათ რუსეთთან მიმართებით მისი პოლიტიკის გამო. კერძოდ, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე პირდაპირი ფრენების აღდგენისა და ვაჭრობის გაძლიერების გამო. 

ქვეყნის შიდა პოლიტიკური ვითარების მოკლედ აღწერის დროს სორენსენი აღნიშნავს, რომ მმართველი პარტია დააფუძნა ოლიგარქმა ივანიშვილმა. 

"ბევრი ქართველისთვის, ევროპული არჩევანი ახალ იმედს იძლევა. უკანასკნელ წლებში რეფორმების მიმართულებით პროგრესი შენელებულია, ხოლო წლების მანძილზე პოლიტიკურმა კრიზისმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაყოფა და უნდობლობა გამოიწვია. ქართული ოცნების პარტია, რომელიც 1990-იან წლებში რუსეთში გამდიდრებულმა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა, ძალაუფლებას 2012 წლის შემდეგ ინარჩუნებს. ოპოზიცია, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელმძღვანელობს, განუწყვეტლივ ბოიკოტს უცხადებს საპარლამენტო საქმიანობას და ხელისუფლებას სასამართლოს პოლიტიზებაში, თავისუფალ მედიის გაჩუმებასა და ოპოზიციის წევრებზე ძალადობაში ადანაშაულებს" – წერს დანიის სამეფოს ელჩი.

კომენტარები