აშშ-რუსეთი

მოსკოვში ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით აშშ-ს მოქალაქე დააკავეს

ფოტო, რომელსაც ტელეგრამ-არხი Mash-ი ავრცელებს

მოსკოვის სასამართლოს ცნობით, აშშ-ს მოქალაქე რობერტ ვუდლენდ რომანოვი ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს.

"მოსკოვის ოსტანკინოს რაიონული სასამართლოს 2024 წლის 6 იანვრის დადგენილებით, ვუდლენდ რობერტ რომანოვს შეეფარდა აღკვეთის ღონისძიება ორთვიანი პატიმრობის სახით, ანუ 5 მარტამდე". – თქვა სასამართლოს წარმომადგენელმა რუსულ სამთავრობო მედიასთან. 

როგორც რუსული ტელეგრამ-არხი Mash-ი წერს, რობერტ ვუდლენდი არის 32 წლის კაცი, რომელიც 1993 წელს ამერიკელ მეცნიერთა ოჯახმა პერმის ოლქში მდებარე საბავშვო თავშესაფრიდან იშვილა. როგორც ტელეგრამ-არხი წერს, რობერტი წარსულში ინტერვიუში ამბობდა, რომ მის სანაცვლოდ პერმის თავშესაფარს 10 000 დოლარი გადაუხადეს. მათივე ცნობით, 2020 წელს ერთ-ერთი ფედერალური არხის თოქშოუში რობერტი საკუთარ ბიოლოგიურ დედას შეხვდა. Mash-ის ცნობით, ბოლო წლებში აშშ-ს მოქალაქე მოსკოვის მიმდებარედ ცხოვრობდა და ინგლისური ენის მასწავლებელი იყო. 

Mash-ი წერს, რომ ამერიკის მოქალაქე ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. მას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით 20-წლიანი პატიმრობა ემუქრება. 

რუსეთში ამერიკის კიდევ რამდენიმე მოქალაქეა დაკავებული, მათ შორის საზღვაო ქვეითი ვეტერანი, პოლ ველანი და Wall Street Journal-ის რეპორტიორი, ევან გერშკოვიჩი. ვუდლენდის დაკავებასთან დაკავშირებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

კომენტარები