სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეის პარლამენტმა ძაღლების ჭამა და ხორცით ვაჭრობა აკრძალა

ძაღლების ერთ-ერთი ფერმა სამხრეთ კორეაში, 21 ნოემბერი, 2023
REUTERS/Kim Hong-Ji

სამხრეთ კორეის პარლამენტში მიიღეს კანონპროექტი, რომელიც ძაღლების ჭამასა და ხორცით ვაჭრობას კრძალავს.

მმართველი პარტიის მიერ წარდგენილ კანონპროექტს ერთპალატიანი პარლამენტის დიდმა უმრავლესობამ - 208 ხმით - დაუჭირა მხარი. ცვლილების მიხედვით, ახალი კანონის ამოქმედებიდან სამი წლის განმავლობაში საშეღავათო პერიოდი იქნება. კანონის დარღვევა სამ წლამდე პატიმრობით ან $22800-ის რაოდენობის ჯარიმით დაისჯება.

"კანონპროექტი დაამთავრებს ადამიანების მოხმარებისთვის ძაღლების მოშენებასა და მოკვლას". - ამბობს ცხოველთა დაცვის ჯგუფის წევრი ბორამი სეო.

ძაღლის ხორცის ჭამის აკრძალვის აქტის მიღება სამხრეთ კორეაში წარსულშიც სცადეს, თუმცა, ინდუსტრიაში მყოფი ბიზნესის წარმომადგენლებისგან მძლავრი პროტესტის შედეგად, ყველა მცდელობა ჩავარდა.

ძაღლის ხორცის ჭამა სამხრეთ კორეაში საუკუნოვანი ტრადიციაა. მთავრობის მონაცემებით, დღესდღეობით ძაღლების გამრავლების 1 150-მდე ფერმაა, 34 სასაკლაო და 1 600-მდე რესტორანი, სადაც ძაღლის ხორცს მოიხმარენ.

მიუხედავად ამისა, ძაღლის ხორცის ჭამის წინააღმდეგ მყოფი ადამიანების რაოდენობა დრო და დრო იმატებს. 2022 წლის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 64% ეწინააღმდეგება ძაღლის ხორცის ჭამას, ხოლო ბოლო გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ერთი წლის მანძილზე მოსახლეობის მხოლოდ 6%-ს აქვს ძაღლის ხორცი ნაჭამი და 93%-ის თქმით, მათ არ აქვთ სურვილი მომავალში ძაღლის ხორცი გასინჯონ.

კომენტარები