2024 წელს გარდაცვლილები

78 წლის ასაკში ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი ფრანც ბეკენბაუერი გარდაიცვალა

ფრანც ბეკენბაუერი

78 წლის ასაკში ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი ფრანც ბეკენბაუერი გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა Tagespiegel ოჯახის წევრებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ფრანც ბეკენბაუერი, იგივე კაიზერი, ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება. ფეხბურთს 6 წლიდან თამაშობდა, 1959 წელს 14 წლის ასაკში გადავიდა მიუნხენის ბაიერნის ახალგაზრდულ გუნდში, იქვე გააგრძელა პროფესიონალური კარიერა და 1964-1977 წლებში კლუბის მაისურით 427 თამაში ჩაატარა. თავდაპირველად თამაშობდა ნახევარმცველის, ხოლო კარიერის დიდი ნაწილი ცენტრალური მცველის პოზიციაზე. 

პირველი თამაში ეროვნული ნაკრების მაისურით 1965 წელს ჩაატარა. 1977 წლის ჩათვლით მონაწილეობა მიიღო 103 მატჩში. არის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი.

მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ გახდა მწვრთნელი. სხვადასხვა წლებში წვრთნიდა გერმანიის ეროვნულ ნაკრებს და მიუნხენის ბაიერნს.

მრავალი წლის განმავლობაში აქვს მიღებული შემდეგი ტიტულები:

მოთამაშე:

  • მსოფლიოს ჩემპიონატი – 1974 - ჩემპიონი, 1966 - ვერცხლის პრიზიორი, 1970 - ბრინჯაოს პრიზიორი
  • ევროპის ჩემპიონატი – 1972 - ჩემპიონი, 1976 - ვერცხლის პრიზიორი
  • ბუნდესლიგის ოთხგზის გამარჯვებული
  • ევროპის თასის სამგზის გამარჯვებული
  • ევროპის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული
  • 2 ოქროს ბურთის მფლობელი

მწვრთნელი:

  • მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული (1990)
  • Ligue 1-ის გამარჯვებული (1990-91)
  • ბუნდესლიგის გამარჯვებული (1993-94)
  • UEFA-ს თასის გამარჯვებული (1995-96)
  • მსოფლიო მწვრთნელთა ასოციაციის ჯილდოს მფლობელი (1990)

კომენტარები