ილონ მასკი

WSJ: ილონ მასკის მიერ ნარკოტიკების მოხმარებით Tesla-სა და SpaceX-ში შეშფოთებულები არიან

ილონ მასკი ამერიკელი კომენტატორის ჯო როგანის პოდკასტში, 2018 წ.

ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო წლებში ამერიკელი ბიზნესმენის ილონ მასკის ახლობლები და მისი კომპანიების აღმასრულებელნი და საბჭოს წევრები ღელავენ, რომ მასკის მიერ ნარკოტიკების გამოყენება მის ყოფაქცევაზე ახდენს გავლენას.

გამოცემის ცნობით, ილონ მასკს დახურულ წვეულებებზე, სადაც დამსწრეები კონფიდენციალურობის შესახებ შეთანხმებას დებენ ან შესვლისას ტელეფონებს ტოვებენ, LSD-ი, კოკაინი, ექსტაზი და ჰალუცინოგენური სოკოები აქვს მიღებული. გამოცემა აღნიშნულ ინფორმაციას თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცნობების დადასტურების შემთხვევაში, არალეგალური ნარკოტიკების მოხმარება დიდი ალბათობით ფედერალურ დარღვევად ჩაითვლება, რამაც შესაძლოა აშშ-ს მთავრობასთან SpaceX-ის კონტრაქტები, რომელთა ღირებულებაც მილიარდებს აღწევს, საფრთხეში ჩააგდოს.

SpaceX-ი ერთადერთი ამერიკული კომპანიაა, რომელსაც NASA-ს ასტრონავტების საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაშვების ნებართვა აქვს, ხოლო პენტაგონი ბოლო წლებში კოსმოსში ტვირთის გასაშვებად SpaceX-ის რაკეტებს ხშირად ყიდულობს.

გამოცემა The Wall Street Journal-ს ილონ მასკის ადვოკატი ალექს სპირო ესაუბრა. მისი თქმით, მასკი "რეგულარულად და დროდადრო [შემთხვევითი შერჩევით] ნარკოლოგიურ ტესტს იკეთებს და ეს ტესტი წარუმატებლად არასდროს გაუვლია". ამას გარდა, სპირომ გამოცემას განუცხადა, რომ სტატიაში "სხვა მცდარი ფაქტებიც" იყო.

თავდაპირველად ილონ მასკს გამოცემასთან კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა, WSJ-ს სტატიას იგი მოგვიანებით X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) გამოეხმაურა. მასკის თქმით, მას შემდეგ, რაც 2018 წელს მან ამერიკელი კომენტატორის ჯო როგანის ერთ-ერთ ყველაზე ნახვად პოდკასტში საჯაროდ მარიხუანა მოწია, იგი დათანხმდა NASA-ს მოთხოვნას, 3 წლის განმავლობაში შემთხვევითი შერჩევით ნარკოლოგიური ტესტი გაიაროს.

"ნარკოტიკებისა და ალკოჰოლიც კვალიც კი არ უპოვიათ". - წერს მასკი და გამოცემა The Wall Street Journal-ს აკრიტიკებს.

კომენტარები