Meta

2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ ანგარიშების შესახებ Meta-ს ინფორმაცია 47-ჯერ სთხოვა

2023 წლის პირველ 6 თვეში საქართველოს მთავრობამ Meta-ს 149 პერსონალური ანგარიშის შესახებ 47 თხოვნით მიმართა

Meta-ს წლიური ანგარიშის მიხედვით, მოთხოვნების უმეტესი ნაწილი სისხლის სამართლის გამოძიებას უკავშირდებოდა, ხოლო საქართველოდან შესული მოთხოვნების 93.62% დაკმაყოფილდა, რაც ნიშნავს, რომ Meta-მ მოთხოვნილი ინფორმაციის უმეტესი ნაწილი საქართველოს ხელისუფლებას მიაწოდა. 

გარდა ამისა, ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს მთავრობის მოთხოვნების რაოდენობა გაიზარდა. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოდან Meta-ში მხოლოდ 27 თხოვნა  შევიდა, ხოლო ივლის-დეკემბერში - 28.

ამასთან, საქართველო არის ლიდერი მომხმარებლის მონაცემების მოთხოვნის რაოდენობით სამხრეთ კავკასიის რეგიონში. მაგალითისთვის, Meta-მ ანგარიშების შესახებ სომხეთის ხელისუფლებისგან 2023 წლის იანვარ-ივნისში 5 განაცხადი მიიღო, ხოლო აზერბაიჯანისგან - 15.

გასული წლის პირველ ექვს თვეში Meta-მ ყველაზე მეტი განაცხადი - 125 ათასზე მეტი ადამიანის ანგარიშის შესახებ დაახლოებით 74 ათასი მოთხოვნა აშშ-სგან მიიღო. მათგან კი Meta-მ 87.84% დააკმაყოფილა.

კომენტარები