ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

Zman Israel: ისრაელი კონგოსთან ღაზიდან მოსახლეობის "ნებაყოფლობითი მიგრაციის" გეგმაზე მუშაობს

სატელიტური სურათებიდან ალ-შიფას მიმდებარედ დაზიანებული შენობები ჩანს, 12 ნოემბერი, 2023
Maxar Technologies / AFP

ისრაელური გამოცემა The Times of Israel,  ებრაულენოვანი გამოცემა Zman Israel-ის მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს ექსკლუზიურ ინფორმაციას, რომ ისრაელის პრემიერმინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს კოალიცია კონგოსთან და სხვა სახელმწიფოებთან ათასობით ღაზელი მიგრანტის მიღებასთან დაკავშირებით საიდუმლო მოლაპარაკებებს მართავს.

"კონგო მზადყოფნას გამოთქვამს, მიიღოს მიგრანტები, და მოლაპარაკებებს სხვებთანაც ვმართავთ". - ამბობს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი გამოცემასთან საუბრისას.

25 დეკემბერს ნეთანიაჰუმ ლიკუდის სხდომაზე განაცხადა, რომ იგი ღაზელების სხვა ქვეყნებში "ნებაყოფლობითი მიგრაციის" გეგმაზე მუშაობს.

"ჩვენი პრობლემაა [პოვნა] იმ ქვეყნებისა, რომლებიც მზად არიან ღაზელები მიიღონ, და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ". - თქვა მან.

გუშინ, 2 იანვარს, ისრაელის დაზვერვის მინისტრმა გილა გამლიელმა გამოცემა Zman-თან განაცხადა, რომ "ნებაყოფლობითი მიგრაცია საუკეთესო და ყველაზე რეალისტური პროგრამაა იმ დღისთვის, როდესაც ბრძოლა დამთავრდება".

ქნესეთში ომის შემდგომ ღაზასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონფერენციის დროს გამლიელმა თქვა, რომ "ომის დასასრულს ჰამასის მმართველობა ჩამოიშლება. არ არსებობს თვითმმართველი ხელმძღვანელობა. სამოქალაქო მოსახლეობა მთლიანად დამოკიდებული იქნება ჰუმანიტარულ დახმარებაზე. არ იქნება სამუშაო ადგილები და ღაზის სასოფლო-სამეურნეო მიწის 60% უსაფრთხოების მიზნით ბუფერული ზონა გახდება". ამავე კონფერენციაზე ისრაელის დაზვერვის მინისტრმა ომის შემდეგ ღაზის სექტორის სავარაუდო რუკა წარადგინა, რომელიც უსაფრთხოების ზონის გაფართოებას, ფილადელფის კორიდორის კონტროლსა და უვადო საზღვაო ბლოკადის დაწესებას მოიცავს.

ღაზიდან პალესტინელების მიგრაციის წინადადებას ისრაელის ორი ულტრამემარჯვენე მინისტრი, ითამარ ბენ გვირი და ბეცალელ სმოტრიჩიც ემხრობიან, რასაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც აშშ-მ ორი მინისტრის განცხადებები დაგმო.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებაში მინისტრების განცხადებები შეფასებულია უპასუხისმგებლობად. მიმართვა მათ მოუწოდებს, რომ მსგავსი განცხადებები დაუყოვნებლივ შეწყვიტონ.

"აშშ გმობს ისრაელის მინისტრების, ბეცალელ სმოტრიჩისა და ითამარ ბენ გვირის ბოლო განცხადებებს, რომლებიც მხარს უჭერდა პალესტინელების ღაზიდან გასახლებას. ეს რიტორიკა არის სიტუაციის გამამძაფრებელი და უპასუხისმგებლო. ისრაელის მთავრობას, მათ შორის პრემიერმინისტრს, არაერთხელ უთქვამს, რომ ასეთი განცხადებები არ ასახავს ისრაელის მთავრობის პოლიტიკას. ეს [განცხადებები] დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს". – წერია განცხადებაში.

ქნესეთში გამართული შეხვედრის დროს, ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა, ითამარ ბენ გვირმა და ფინანსთა მინისტრმა, ბეცალელ სმოტრიჩმა ხანგრძლივი კონფლიქტის გადაჭრის გზად ღაზის სექტორის პალესტინელი მოსახლეობის მიგრაცია წარადგინეს. ბენ გვირის თქმით, ომი წარმოადგენს "შესაძლებლობას, ღაზის მოსახლეობის მიგრაციის წახალისებაზე კონცენტრირებისთვის". მან მსგავს პოლიტიკას "სწორი, სამართლიანი, მორალური და ჰუმანური" უწოდა. მისი თქმით, ისრაელმა ღაზის სექტორიდან ძალები არ უნდა გამოიყვანოს და მნიშვნელოვანია აქ ებრაული დასახლებების შენება.

პარალელურად, პარტია რელიგიური სიონიზმის ლიდერმა, ბეცელალ სმოტრიჩმა თქვა, რომ ისრაელისა და პალესტინის მიმდინარე კონფლიქტის "სწორი გადაჭრის გზა" იქნება "ღაზის მოსახლეობის მოხალისეობრივი მიგრაციის წახალისება" იმ ქვეყნების მიმართულებით, სადაც თანახმა იქნებიან, რომ ისინი დევნილებად მიიღონ. მას სჯერა, რომ ისრაელი ღაზის სექტორს მუდმივად გააკონტროლებს, მათ შორის დასახლებების გაშენებით.

ღაზაში ომის დამთავრების შემდეგ გადასადგმელი ნაბიჯების განსახილველად უშიშროების კაბინეტი 2 იანვარს უნდა შეკრებილიყო, თუმცა, შეხვედრა ოთხშაბათამდე მას შემდეგ გადაიდო, რაც ჰამასის ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერი, სალეჰ ალ-არური, სავარაუდოდ, ბეირუთში ისრაელის იერიშს ემსხვერპლა.

კაბინეტის სხდომაზე მინისტრები საკუთარ გეგმებს წარადგენენ და განიხილავენ, მათ შორის საუდის არაბეთის მიერ ასობით ათასი პალესტინელის სამუშაოდ მიღების წინადადებასაც. საუდის არაბეთში სამშენებლო ინდუსტრიის სწრაფი ზრდა შეინიშნება, რისთვისაც ქვეყანაში დაახლოებით ნახევარი მილიონი მუშაა დასაქმებული, რომლებიც ინდოეთიდან, ბანგლადეშიდან და სხვა ქვეყნებიდან არიან ჩამოსული.

კომენტარები