ფინანსური დანაშაული

POG: 19 დაზარალებულის 15 უძრავ ქონებას მოტყუებით დაეუფლნენ – ბრალდება 9 პირს წარედგინა

საქართველოს პროკურატურა / Facebook

პროკურატურის ინფორმაციით, წინასწარი შეთანხმებული ჯგუფი 19  დაზარალებულის 15 უძრავ ქონებას მოტყუებით დაეუფლა. უწყების ცნობით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 9 პირს ბრალდება წარედგინა.

"პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინეს ყალბი მინდობილობები, რომლებიც ბრალდებულებს, როგორც უძრავი ქონების მესაკუთრეების წარმომადგენლებს, ანიჭებდა უფლებას ნებისმიერი სახით განეკარგათ ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეების კუთვნილი თბილისსა და ბათუმში მდებარე უძრავი ქონებები.

აღნიშნული მინდობილობის საფუძველზე, ბრალდებულები მოტყუებით დაეუფლნენ 19 დაზარალებულის კუთვნილ, ჯამში 2435,05 კვ.მ ფართის 15 უძრავ ქონებას, რამაც 3 248 375 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი გამოიწვია.

ქონების წარმოშობის წყაროს, მისი ნამდვილი ბუნების და რეალური მესაკუთრის შენიღბვის მიზნით, ბრალდებულებმა მოტყუებით დაუფლებული უძრავი ქონებები ფიქტიური ხელშეკრულების საფუძველზე მათ ნაცნობ პირებზე გააფორმეს, შემდეგ კი მათი რეალიზაცია მოახდინეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების ქმედებამ 727 455 ლარის განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება გამოიწვია" - წერია პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში. 

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით. 

კომენტარები