რუსეთის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

საინიციატივო ჯგუფმა გირკინი პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა

საინიციატივო ჯგუფმა მხარი დაუჭირა თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ულტრანაციონალისტი იგორ გირკინის (სტრელკოვი) 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატად წამოყენებას.

გირკინის საინიციატივო ჯგუფმა შეაგროვა 556 ხელმოწერა. საჭირო იყო, სულ მცირე, 500. თუმცა ხელმოწერები ჯერჯერობით ნოტარიუსს არ დაუმოწმებია, რაც ამ პროცესში მნიშვნელოვანი სამართლებრივი ნაწილია.

"დღეს ნოტარიუსთან ვერ შევძელით, ხვალ დავამოწმებინებთ. სამწუხაროდ, დღეს ვერ შევძელით". - თქვა 24 დეკემბერს გირკინის ცოლმა, მიროსლავა რეგინსკაიამ.

გირკინის საარჩევნო შტაბის ორგანიზატორები ამბობენ, რომ 4 ნოტარიუსი, რომელთანაც შეთანხმებული იყვნენ, ყრილობაზე არ მისულან.

იგორ გირკინმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების სურვილი ჯერ კიდევ აგვისტოს ბოლოს გამოთქვა.

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის მარტში ჩატარდება. ვლადიმირ პუტინმა საკუთარი კანდიდატურა უკვე წამოაყენა.

იგორ გირკინი 21 ივლისს ექსტრემიზმისკენ მოწოდების ბრალდებით დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს. საქმის განხილვამდე, 18 სექტემბრამდე რუსი ულტრანაციონალისტი წინასწარ პატიმრობაში დარჩება. გირკინი, გულის დაავადების საფუძველზე, შინაპატიმრობას ითხოვდა. მოსკოვის სასამართლომ საჩივარი არ დააკმაყოფილა. მას 5-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

2022 წლის ნოემბერში ნიდერლანდების სასამართლომ იგორ გირკინს სამუდამო პატიმრობა, მალაიზიის ავიახაზების სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდების გამო, დაუსწრებლად მიუსაჯა. რეისი MH17-ის ჩამოვარდნას ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი - 298 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები