შობა 2023

ბოროტება დამარცხდება, ზუსტად ამისთვის ვლოცულობთ დღეს ერთად – ზელენსკის საშობაო მიმართვა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი
Facebook / Володимир Зеленський

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გაავრცელა საშობაო მიმართვა, რომელშიც უკრაინელებს დღესასწაულს ულოცავს და ამბობს, რომ ომში საბოლოო გამარჯვებას სირთულეების მიუხედავად მაინც მიაღწევენ.

"ქრისტეშობამდელი ღამეები წელიწადში ყველაზე გრძელია, მაგრამ დღე უკვე იწყებს ზრდას და სინათლე გამარჯვებას იწყებს. სინათლე ძლიერდება. ნაბიჯ-ნაბიჯ, დღითი-დღე სიბნელე მარცხდება. საბოლოოდ, სიბნელე წააგებს. ბოროტება დამარცხდება. დღეს ეს ჩვენი საერთო მიზანია, საერთო ოცნებაა და ზუსტად ეს არის ის, რისთვისაც დღეს ერთად ვლოცულობთ. ჩვენი თავისუფლებისთვის. ჩვენი გამარჯვებისთვის. ჩვენი უკრაინისთვის. ქრისტე დაიბადა! ვადიდოთ იგი!" - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ უკრაინელთათვის ქრისტეს შობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ომის შედეგად შექმნილ ცვლილებებზე ისაუბრა. მისი თქმით, ომის გამო შობამ უკრაინელებისთვის განსხვავებული, ახლებური ფორმა მიიღო.

"დღეს მილიონობით უკრაინელი ელოდება საღამოს ცაზე პირველი ვარსკვლავის გამოჩენას, რომელიც ქრისტეს შობის დადგომას გვაუწყებს. ეს არის მრავალფეროვანი დღესასწაული. დიდებული საეკლესიო დღესასწაული. მნიშვენელოვანი ეროვნული დღესასწაული. საოჯახო დღესასწაული. [...] უკვე მეორე წელია, რაც მისი სხვა ფორმა, სხვა განზომილება გავიგეთ. ეს არის ქრისტეს შობა სრულმასშტაბიანი ომის დროს. ქრისტეს შობა განსხვავებული ხასიათით, კონტექსტით და გემოთი". - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ომის შედეგად შექმნილი მდგომარეობაც აღწერა და აღნიშნა, რომ რუსული აგრესიის გამო შობას მრავალი უკრაინული ოჯახი წევრების გარეშე, ხოლო მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი უსახლკაროდ ხვდება. მისი თქმით, ეს მოცემულობა უკრაინელთა პრიორიტეტებს ცვლის.

"საოჯახო ვახშამი სახლში არ არის ისეთი, როგორც ყოველთვის, რადგან ყველა ჩვენგანი სახლში არ არის და ყველას სახლი არ აქვს. გაცილებით უფრო მეტად მნიშვნელოვანი გახდა არა ის, თუ როგორი კერძებია მაგიდაზე, არამედ რომელი ადამიანები არიან მაგიდასთან. რამდენად ძვირფასია, რომ ისინი გვყავს. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ დავრჩეთ კავშირში იმათთან, ვინც არ არიან ჩვენთან, ვინც ახლა უკრაინას იცავს. [...] დღეს იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, როგორ ვამკობთ ჩვენს სახლებს, არამედ როგორ ვიცავთ მათ და ვასუფთავებთ ნაგვისგან, ვყრით მტერს ჩვენი სახლიდან. გვიხარია, როცა საღამოს ცაზე პირველ ვარსკვლავს ვხედავთ და არა მტრის რაკეტებს". - თქვა ზელენსკიმ.

კომენტარები