თბილისის მერია

კალაძე: თბილისში გარკვეულ საათებსა და დღეებში დიდგაბარიტიანი ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

2024 წლის 1 იანვრიდან თბილისში დიდგაბარიტიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება - ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კალაძის თქმით, შეზღუდვები შეეხება  M3(დიდი ავტობუსები), N2 (საშუალო ზომის კომერციული მანქანები, მათ შორის, ფურგონები და მცირე სატვირთო მანქანები) და N3 (დიდი კომერციული მანქანები, მათ შორის, სატვირთო მანქანები და ავტობუსები) კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებს პიკის საათებში დილის 08:00-11:00-სა და საღამოს 17:00-20:00 საათების შუალედებში, დედაქალაქის გარკვეულ უბნებში. 

"საკრებულოს მიერ დასამტკიცებელი წესის მიხედვით თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში აიკრძალება M3, N2 და N3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა. პიკის საათებზეა მხოლოდ საუბარი, დილით 08:00-დან 11:00-მდე, საღამოს 17:00-დან 20:00-მდე. ამასთან, მოძრაობა აიკრძალება მხოლოდ ქალაქის გარკვეულ ტერიტორიაზე, იმ მონაკვეთებში, სადაც დიდია ნაკადები და გადაადგილება სირთულეებთან არის დაკავშირებული. ეს შეზღუდვა არ იმოქმედებს შაბათს და კვირას, შრომის კოდექსით გათვალისწინებულ უქმე დღეებში და აგვისტოს თვეში"- თქვა კალაძემ. 

თბილისის მერმა ისაუბრა ამ რეგულაციის გამონაკლის შემთხვევებზეც, როდესაც გარკვეული ტიპის  სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილების შესაძლებლობა ექნებათ.

"რეგულაცია არ გავრცელდება  საზოგადოებრივ ტრანსპორტზე; საავარიო, ასევე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი შემთხვევების აღმოსაფხვრელად საჭირო ტრანსპორტზე - სასწრაფო დახმარების, სამაშველო, სახანძრო, საევაკუაციო და ა.შ.  მუნიციპალური ან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; მოსწავლეებისა და სტუდენტების გადაადგილებისათვის საჭირო ტრანსპორტზე; ტურისტული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე; ბეტონმზიდ სატრანსპორტო საშუალებებზე; ნავთობპროდუქტების გადამზიდ ტრანსპორტზე მხოლოდ დილის პიკის საათებში; სადისტრიბუციო საქმიანობისთვის განკუთვნილ ტრანსპორტს დილის პიკის საათებში ვაძლევთ შესაძლებლობას გადაადგილების, საღამოს საათებში შეზღუდულები იქნებიან. თუმცა, აღნიშნული კატეგორიისთვის ეს გამონაკლისი იმოქმედებს მხოლოდ 2024 წლის პირველ სექტემბრამდე" - თქვა კახა კალაძემ. 

თბილისის მერის თქმით, აღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება ჯარიმა - პირველ შემთხვევაზე 1000 ლარი, ხოლო ყოველ მომდევნო შემთხვევაზე 3000 ლარის ოდენობით. 

კომენტარები