კანდიდატის სტატუსი

ღარიბაშვილმა მიშელს, ფონ დერ ლაიენსა და პედრო სანჩესს კანდიდატის სტატუსზე წერილით მიმართა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და ევროსაბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი

პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე წერილობით მიმართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ქვეყნის, ესპანეთის პრემიერმინისტრ პედრო სანჩესს. 

ღარიბაშვილი შარლ მიშელს წერს, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის განაგრძოს რეფორმების გატარება ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე. 

"ეჭვგარეშეა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას თან ახლავს გრძელვადიანი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები. ჩემი მთავრობა სრულად არის მობილიზებული და მტკიცედ აქვს განზრახული გააგრძელოს და კიდევ უფრო დააჩქაროს აუცილებელი რეფორმების განხორციელება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე". – ვკითხულობთ წერილში.

საქართველოს პრემიერმინისტრი მადლობას უხდის ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებაზე გაწეული რეკომენდაციისთვის.

"კანდიდატის სტატუსის მინიჭება დამატებით იმპულსს მისცემს საქართველოში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას. ნება მომეცით მადლიერება გამოვხატო ევროკავშირისადმი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში შეტანილი ღირებული წვლილისა და მხარდაჭერისთვის. გვჯერა, რომ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების ძლიერი ჩართულობა გადამწყვეტი იქნება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მშვიდობიანი რეინტეგრაციის უზრუნველყოფისა და გახლეჩილი საზოგადოების წევრების შერიგების საქმეში". – წერია ევროკომისიის პრეზიდენტისთვის გაგზავნილ წერილში.

ასევე, ესპანეთის პრემიერმინისტრს, პედრო სანჩესისთვის მიწერილ წერილში ღარიბაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ესპანეთი და ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოები მომავალზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

"საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენი ერი და ჩემი მთავრობა ელის, რომ ესპანეთი და ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოები სტრატეგიულ და მომავალზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ ამ კვირაში, რაც მტკიცედ დააკავშირებს საქართველოს - ევროკავშირის მომავალ წევრ სახელმწიფოს - ევროპული დემოკრატიების ოჯახთან". – ვკითხულობთ წერილში. 

კომენტარები