რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი უკრაინას ორ გამნაღმველ გემს გადასცემს

დიდი ბრიტანეთის Sandown კლასის გამნაღმველი გემები

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბრიტანეთის სამეფო ფლოტი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ორ გამნაღმველ გემს გადასცემს, რათა შავ ზღვაში რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის საზღვაო ოპერაციების შესაძლებლობები გაუმჯობესდეს. ამასთანავე, აღნიშნული გემები უკრაინას ხელს შეუწყობს, შავი ზღვის გავლით საექსპორტო გზები აღადგინოს.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ "შავ ზღვაში პუტინის ბლოკადა უკრაინის ეკონომიკას ზიანს აყენებს, რამაც მნიშვნელოვნად შეზღუდა ქვეყნის მიერ ზღვის გამოყენებით ექსპორტის გატანის უნარი. უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაძლიერებით, კონკრეტულად, რუსული ზღვის ნაღმებიდან მომდინარე საფრთხესთან გამკლავებით, უკრაინის საზღვაო ექსპორტი აღდგება".

უკრაინისთვის Sandown კლასის ორი გამნაღმველი გემის გადაცემის შესახებ დაწვრილებით დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გრანტ შაფსმა ისაუბრა. მისი თქმით, "უკრაინისთვის ეს შესაძლებლობების გაუმჯობესება ასახავს ბრიტანეთის, ნორვეგიისა და მოკავშირეების მიზანდასახულობას, რათა გრძელვადიან პერიოდში უკრაინის საზღვაო შესაძლებლობები გაძლიერდეს".

გაერთიანებული სამეფოსა და ნორვეგიის ხელმძღვანელობით, ახალი საზღვაო შესაძლებლობების კოალიცია უკრაინის საზღვაო ძალებს დაეხმარება სხვადასხვა სამხედრო შესაძლებლობები განავითაროს, მათ შორის: შავ ზღვაში საზღვაო ძალის სწრაფი გაძლიერება, ხოლო უკრაინის საზღვაო ქვეითებისა და მდინარეებზე სანაპირო დაცვისთვის საპატრულო ნავების განვითარებაზე მუშაობის გაგრძელება.

კომენტარები