სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი 13 დეკემბერს მოქმედ და ყოფილ პრემიერებს და საგარეო მინისტრებს შეხვედრაზე იწვევს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, 13 დეკემბერს ათონელის რეზიდენციაში შეხვედრას გამართავს  ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.

როგორც ზურაბიშვილი ამბობს, შეხვედრაზე ელჩებს მის მიერ შეგროვილ ხელმოწერებს გადასცემს. ღონისძიებაზე მიწვეული არიან საქართველოს ამჟამინდელი და ყოფილი პრემიერები და საგარეო საქმეთა მინისტრები - ამის შესახებ მან ევროპული კამპანიის ფარგლებში - ,,ჩვენი ხმა ევროპას“, ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ტელეხიდზე ისაუბრა.

"13 დეკემბერს, აქ მოვა მთელი დიპლომატიური კორპუსი, ევროკავშირის ყველა იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომლებიც 14-ში თუ 15-ში მიიღებენ მთავარ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენ შეგვეხება. მე მათ გადავცემ აქ შეგროვილ ხელმოწერებს და ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა ნაწილების ხმას" - თქვა პრეზიდენტმა. 

პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლების ყოფილი და ამჟამინდელი წარმომადგენლების შეხვედრა დეპოლარიზაციისა და კონსენსუსის გამოვლინება იქნება, "რაც გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი გზა ევროპისკენ იყოს წარმატებული".

"ამ ღონისძიებას ასევე დაესწრებიან, ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი მაქვს, რადგან ყველა არის მოწვეული, საქართველოს ხელისუფლების მონაწილეები - პრემიერები, საგარეო საქმეთა მინისტრები, დღევანდელი, გუშინდელი და გუშინწინდელი, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოს გზაში ევროპისკენ. 

ეს არის ის კონსენსუსი, ის დეპოლარიზაცია, ერთობა, რაც გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი გზა ევროპისკენ იყოს წარმატებული. ეს არ ნიშნავს იმას, რომ უცებ, ჯადოსნური ჯოხით ყველა ერთ აზრზე შეჯერდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია იმდენად ვცეთ ერთმანეთს პატივი, რომ ამ კონკრეტული მთელი საზოგადოების მიერ გაზიარებული გეგმის ირგვლივ, ერთმანეთს კი არ შევეჯიბროთ, ვინ მეტი გააკეთა თუ ვინ ნაკლები, ვინ დააშავა ან არ დააშავა, ცოტა ხნით, თუნდაც ამ საახალწლო პერიოდში, გავჩუმდეთ და შევირგოთ ის, რაც, ალბათ, იქნება დადებითი გადაწყვეტილება. ყოველ შემთხვევაში, ეს არის ჩვენი რწმენა, ჩვენი იმედი" - თქვა ზურაბიშვილმა. 

კომენტარები