ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ბაიდენი: ჰამასის მიერ ქალების გაუპატიურებისა და დასახიჩრების ცნობები თავზარდამცემია

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თვითმხილველებისა და გადარჩენილების ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის დროს ჰამასმა ქალები გააუპატიურა და დაასახიჩრა.

ჯო ბაიდენმა ბოსტონში თავისი საპრეზიდენტო კამპანიისთვის ფულის შესაგროვებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ჰამასის თავდასხმის შესახებ "წარმოუდგენლად საშინელი" ცნობები მას გადარჩენილმა და თვითმხილველმა პირებმა გაუზიარეს.

"არსებობს ქალების გაუპატიურების - განმეორებით გაუპატიურების - და ქალების სხეულების  სიცოცხლეშივე დასახიჩრების ცნობები. ქალების ცხედრების შებღალვის ფაქტები. ჰამასის ტერორისტების მხრიდან ქალებისთვისა და გოგონებისთვის უკიდურესი ტკივილისა და ტანჯვის მიყენების, შემდეგ კი მათი მოკვლის შემთხვევები. ეს თავზარდამცემია." - თქვა ბაიდენმა.

აშშ-ს პრეზიდენტმა საერთაშორისო ორგანიზაციებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და ინდივიდებს მოუწოდა, "გამონაკლისის გარეშე" დაგმონ ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის სექსუალური ძალადობა.

მანამდე, ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჰამასის მიერ ჩადენილი სექსუალური ძალადობის შემთხვევების მიმართ მსოფლიოს გულგრილობა გააკრიტიკა. 5 დეკემბერს პრესკონფერენციისას მან ქალთა და ადამიანთა უფლებების ორგანიზაციებს მიმართა და მათ უმოქმედობის გამო უსაყვედურა.

ისრაელის თქმით, ისინი 7 ოქტომბრის თავდასხმასთან დაკავშირებით სექსუალური ძალადობის რამდენიმე შემთხვევას იძიებენ. თვითმხილველები და სამედიცინო ექსპერტები ადასტურებენ, რომ ჰამასის ტერორისტებმა თავდასხმის დროს ქალებზე სექსუალურად იძალადეს, შემდეგ კი ისინი დახოცეს.

კომენტარები