საქართველო-რუსეთი

რუსული ფქვილის უმსხვილეს იმპორტიორებს შორის საქართველომ მეორე ადგილი დაიკავა

Kirill Kukhmar/TASS  

2023 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში რუსული ფქვილის უმსხვილესი იმპორტიორი ერაყი იყო, ხოლო რიგით მეორე - საქართველო. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერფაქსი რუსეთის აგროექსპორტის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, იანვარ-ოქტომბერში ერაყში 150 ათას ტონაზე მეტი რუსული ფქვილი გაიგზავნა, რაც 17%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდზე, ხოლო საქართველოში ექსპორტირებულმა ფქვილმა 126 ათასი ტონა შეადგინა.

გარდა ამისა, როგორც ინტერფაქსი წყაროზე დაყრდნობით წერს, მესამე უმსხვილესი იმპორტიორი ჩინეთია, რომელმაც ამავე დროით პერიოდში რუსეთისგან 100 ათას ტონაზე მეტი ფქვილი იყიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 3.7-ჯერ აღემატება.

ამასთან, ინტერფაქსი წერს, რომ რუსეთმა განაახლა ხორბლის ფქვილის მიწოდება ჰონგ-კონგში, სადაც 10 თვეში 49 ათასი ტონა ფქვილი გაგზავნა.

ინტერფაქსი აგროექსპორტის ცენტრზე დაყრდნობით ასევე აღნიშნავს, რომ მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში რუსეთმა ექსპორტზე 990 ათასი ტონა ხორბალი და ხორბალი-ჭვავის ფქვილი გაიტანა, რაც თითქმის მესამედით მეტია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და აღემატება 2022 წლის შესაბამის ექსპორტის მოცულობას. 

კომენტარები